ქუთაისის „ტორპედომ“, შესაძლოა, არაბიძე დაიმატოს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“, შესაძლოა, არაბიძე დაიმატოს #1TVSPORT

შესაძლოა, ახალი სეზონიდან ქუთაისის „ტორპედოში“ გიორგი არაბიძე ვიხილოთ. 23 წლის შემტევი ნახევარმცველი კლუბში კარიერის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს და შესაძლოა, მისი გადასვლა მალე დადასტურდეს.

ინფორმაცია კლუბის მხრიდან ინტერესის შესახებ მოულოდნელი არაა, რადგან „ტორპედოს“ მწვრთნელი გია ცეცაძე არაბიძეს ენდობა – იმ დროს, როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელს ბევრმა ხაზი გადაუსვა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია და ნდობა გაუმართლა. მერე ტრავმის შემდეგ კი არაბიძე „სამტრედიაში“ წაიყვანა და კლუბის გავარდნის მიუხედავად, არაბიძე გუნდში მაინც გამორჩეული იყო.

გიორგი არაბიძემ კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, სადაც 2013-2015 წლებში 33 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა, რაც გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო, განსაკუთრებით 16-17 წლის ნახევარმცველის პირობაზე. გიორგი გამოიძახეს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში, სადაც 10 მატჩში გაიტანა 6 გოლი.

წარმატებული ასპარეზობების შედეგად 2015 წელს გიორგი დონეცკის „შახტარში“ მირჩა ლუჩესკუმ წაიყვანა. არაბიძეს, „შახტარის“ დუბლებში თამაშის პარალელურად, ლუჩესკუ 17 წლის ასაკში, მთავარ გუნდთან თამაშის საშუალებას უკრაინის პრემიერლიგაში აძლევდა. გიორგიმ განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა თავი უეფა-ს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე. მაგრამ 2016 წლიდან მირჩა ლუჩესკუმ პეტერბურგის „ზენიტი“ რომ ჩაიბარა, „შახტარში“ დანიშნული პორტუგალიელი პაულუ ფონსეკა არაბიძეს არ ენდობოდა და მას შემდეგ რამდენიმე კლუბი გამოიცვალა.

ეროვნულ ნაკრებში არაბიძემ სადებიუტო მატჩი 2017 წლის 24 მარტს სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარა. პირველად 2017 წლის 28 მარტს ლატვიასთან გაიტანა, ხოლო სენტ-კიტსის და ნევისის ნაკრებთან თამაშის დროს დუბლი შეასრულა.