ქუთაისის „ტორპედომ“ დაადასტურა - ინკუმი კლუბში დაბრუნდა​ #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ დაადასტურა - ინკუმი კლუბში დაბრუნდა​ #1TVSPORT

სამუელ ინკუმი კვლავ ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშეა. მან კლუბთან ახალი კონტრაქტი უკვე გააფორმა – ინფორმაცია ქუთაისური გუნდის პრეს-სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.

გამოცდილი განელი მცველი „ტორპედოში“ თებერვალში ჩაირიცხა, მაგრამ ივლისის დასაწყისში კონტრაქტი ამოეწურა, ხელფასს არ უხდიდნენ, გუნდშიც არეული ვითარება იყო და კლუბი იმ პერიოდში დატოვა, როცა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად თამაშზე უარი განაცხადეს.

მაგრამ „ტორპედოში“ ვითარება ლაგდება, სპონსორი გამოჩნდა (ნიუ ვიჟენი), რომელმაც ქუთაისური კლუბის ვალები დაფარა, გუნდის მეპატრონე მალე აუქციონზე გაირკვევა.

ქუთაისის „ტორპედო” სამუელ ინკუმის მეორე ქართული კლუბია, 2020 წელს „სამტრედიაში” თამაშობდა. გამოცდილი მცველი განის ნაკრების წევრი (44 მატჩი, 1 გოლი) იყო, რომლის შემადგენლობაშიც 2010 წელს აფრიკის ვიცე-ჩემპიონი გახდა, იმავე წელს კი და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშა.

განელი ლეგიონერი 2020 წელს ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერი იყო – „ტრანსფერმარკტის“ შეფასებით, ჩამოსვლის დროს, მისი კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება 800 ათასი ევრო იყო.

სამუელ ინკუმი ქუთაისელმაა გულშემატკივრებმა კარგად მიიღეს. პოპულარული იყო გუნდში გადასვლის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში განელი მცველის ფრაზა – „მაგრად ვიხალისე, როცა გავიგე, რომ ქუთაისში ფანების ტრიბუნას „ჯუნგლებს“ ეძახიან“.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოში“ დაბრუნდნენ გუნდის ყოფილი კაპიტანი როინ კვასხვაძე და ნახევარმცველი მათე ცინცაძე, ხოლო „დინამო თბილისიდან“ თავდამსხმელის, თორნიკე ახვლედიანის დამატებაზეა ლაპარაკი.

ეროვნული ლიგის გათამაშება ქუთაისის „ტორპედოსთვის“ 9 აგვისტოს განახლდება. კახა ჩხეტიანის გუნდი 22-ე ტურის მატჩს „თელავის“ წინააღმდეგ გამართავს.