ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგის პლეი ოფში ბულგარულ გუნდს შეხვდება
ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგის პლეი ოფში ბულგარულ გუნდს შეხვდება

ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგის პლეი ოფში ბულგარეთის წარმომადგენელს შეხვდება. შიროკი ბრეგის სტადიონზე ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა დასრულდა, სადაც ქართული გუნდის მეტოქის ვინაობა ირკვეოდა – ბოსნიური „ზრინსკი“ ბულგარულ „ლუდოგორეცს“ მასპინძლობდა.

პირველი მატჩი ბულგარეთში „ლუდოგორეცმა“ 1:0 რუმინეთის ნაკრების მცველის, კოზმინ მოტის გოლით მოიგო. დღევანდელ დაპირისპირებაშიც ბულგარელები რუმინელმა ლეგიონერმა დააწინაურა – 24-ე წუთზე ბოსნიელთა კარი კლაუდიო ანდრია კესერუმ აიღო. დამატებულ დროში საპასუხო გოლი ბოსნიელმა ნემანია ბილბიამ გაიტანა, მაგრამ „ზრინსკიმ“ მეტი ვეღარ მოახერხა და შეხვედრა 1:1 დასრულდა, პლეი ოფში კი ბულგარული გუნდი გავიდა.

ევროპის ლიგის პლეი ოფში „ტორპედოსა“ და „ლუდოგორეცის“ პირველი შეხვედრა 23 აგვისტოს თბილისში გაიმართება, 30 აგვისტოს კი რაზგრადის „ლოდოგორეც არენაზე“.