ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენები პატიმრობაში დატოვა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენები პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენები პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ქეთევან თხელიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ექვსივე პირს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო რვა საათზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობდა.

თავად ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რის შემდეგაც, საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატები ჩაერთვნენ. მათი განცხადებით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და სასამართლოს მიკერძოებულობაზე საუბრობენ.

დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

დაპირისპირება, რომლის გამოც სამართალდამცავებმა ექვსი პირი დააკავეს, 12 აპრილს გუმათში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მოხდა. ისინი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით არიან დაკავებული.  „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.