ქუთაისის მერი - მზად ვართ, ინვესტორთან შეთანხმებას წერტილი დავუსვათ
ქუთაისის მერი - მზად ვართ, ინვესტორთან შეთანხმებას წერტილი დავუსვათ

ქუთაისის „ტორპედოს“ ინვესტორისთვის გადაცემის პროცესი მალე დასრულდება და კლუბი იტალიელი ბიზნესმენის, ფაბიო მანინოს საკუთრებაში გადავა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა განაცხადა.

„ქუთაისის „ტორპედოს“ საკითხი დასკვნით ფაზაშია შესული. ველოდებით ინვესტორს, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. ოღონდ, პრობლემა ისაა, რომ მას არ სურდა, საქართველოში 2-კვირიანი კარანტინი გაევლო, მაგრამ ამაზეც შევთანხმდით, რომ ყოველი 72 საათის შემდეგ ერთჯერად ტესტირებას გაიკეთებს და გუნდთან ურთიერთობის საშუალება ამის შემდეგ მიეცემა“, – ამბობს დავით ერემეიშვილი.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ხელშეკრულების მოწერის მზადყოფნა გამოხატა: „ქუთაისის მერია და სახელმწიფო მზად ვართ, რომ ამ შეთანხმებას, რასაც ინვესტორთან მივაღწიეთ, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ“.

დავით ერემეიშვილმა არც ის წვლილი გამოტოვა, რაც ფაბიო მანინოს გუნდის წინაშე გააჩნია: „კლუბში მისვლამდე ის გუნდს ყოველთვიურად თანხებს ურიცხავს. მას ჩვენს ქვეყანასთან და ქალაქთან სხვა გეგმებიც გააჩნია და იმედია, ჩამოსვლის შემდეგ ამ ყველაფერს თავად გააჟღერებს – საუბარია ინვესტიციაზე“.

დატოვე კომენტარი