ქუთაისის გუნდი ფესტივალ „ფეხბურთი ყველას“ გამარჯვებულია #1TVSPORT
ქუთაისის გუნდი ფესტივალ „ფეხბურთი ყველას“ გამარჯვებულია #1TVSPORT

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ფესტივალი „ფეხბურთი ყველას“ დასრულდა. ტურნირის გამარჯვებული ქუთაისის „სოს ბავშვთა სოფელის“ გუნდი გახდა. 

ფინალურ შეხვედრაში ქუთაისის ბავშვთა გუნდმა სოხუმის „დინამო“ დაამარცხა. გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, პირველმა ვიცეპრეზიდეტნმა კახა ჭუმბურიძემ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა გადასცეს.

ფესტივალის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელი და ნათელი მომავლისათვის“ გახლდათ. ფესტივალი „ფეხბურთი ყველას“ სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქვეყნის ექვსი რეგიონიდან 80 ბავშვი მონაწილეობდა, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებისგან, მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ და დევნილ 12-დან 14-წლამდე ასაკის ბავშვებისგან შემდგარი გუნდები.

ფესტივალის მთავარი მიზანი, საფეხბურთო სპორტული და კულტურული აქტივობების გზით, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მასობრივი ფეხბურთის განვითარება გახლდათ.

პატარა ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“ ერთობლივი პროექტის მონაწილეები არიან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 250 ბავშვს აერთიანებს. უკვე 6 წელია, რაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში არსებულ ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით საფეხბურთო გუნდები ჩამოყალიბდა და აღსაზრდელები სისტემატიურად ვარჯიშობენ.