ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე სამი დაკავებულიდან ორს ჯარიმა დაეკისრა, ერთის სასამართლო მოგვიანებით გაიმართება
ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე სამი დაკავებულიდან ორს ჯარიმა დაეკისრა, ერთის სასამართლო მოგვიანებით გაიმართება

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე იმსჯელა.

ერთი პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ამჯერად სასამართლომ ამ სამი პირის შესახებ იმსჯელა. ამ დროისთვის, სამივე მათგანი გათავისუფლებულია.

მოსამართლე დარინა აბულაძემ დავით ბაიდარაშვილსა და გიორგი კერვალიშვილს ადმინისტრაციული ჯარიმა – 700-700 ლარი დააკისრა, დავით მაჭავარიანის საქმის განხილვა კი გადაიდო. მის საქმეზე პოლიციას დამატებითი მტკიცებულებების მიტანა დაევალა.

სამივე მათგანი მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს და უარყოფს გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას, რომლის თანახმადაც ისინი სპეციალურად იყვნენ აეროპორტში, რათა თაკო ჩარკვიანისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ. ამასთან, მათივე თქმით, პირველად ფიზიკურად მათ თაკო ჩარკვიანის თანმხლები პირი შეეხოთ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლეს ჯონი გიგანსა და რამდენიმე პირს შორის ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.

დატოვე კომენტარი