„ქუთაისი“ უძლეველია, თსუ - მეორე ადგილზე ავიდა
„ქუთაისი“ უძლეველია, თსუ - მეორე ადგილზე ავიდა

ქუთაისი-ცხუმ/აფხაზეთი 71:68

სუპერლიგის წლევანდელ გათამაშებაში “ქუთაისი” ერთადერთი გუნდია, რომელსაც ერთი მატჩიც არ წაუგია. ქუთათურებმა მეოთხე ტურში “ცხუმ-აფხაზეთს” უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 71:68 გაიმარჯვეს.

თამაში ადგილობრივთათვის მეტად არასახარბიელოდ დაიწყო – ცხუმელები პირველ მეოთხედში 23:11 დაწინაურდნენ. ისინი სამი პერიოდის განმავლობაში დამაჯერებელი თამაშით უპირატესობას ინარჩუნებდნენ და მეოთხე რაუნდს ხუთქულიანი ფორით შეხვდნენ (53:48).

სწორედ ამის შემდეგ ათამაშდა ჩვეულად კოტე ტუღუშის “ქუთაისი”, გადამწყვეტ მომენტში მეტი სიმწყობრე გამოიჩინა და სეზონის მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ამ საქმეში დიდი წვლილი ამერიკელეიბს რენსომსა და რაითს მიუძღვით. პირველმა 19 ქულას 6 მოხსნა მიამატა, მეორემ – 17 ქულას – 5 ჩაჭრა. მატჩის ბომბარდირი “ცხუმ-აფხაზეთის” ფორვარდი ალექსანდრე ფევაძე გახდა, რომელმაც 22 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.

 

თსუ-კაკტუსი 77:54

ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მე-5 ტური თბილისში გაგრძელდა. ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს თსუ და “კაკტუსი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ლექსო ლაფანაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილი უნივერსიტეტელების იოლი გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის შედეგი ნათლად მეტყველებს თსუ-ელთა უპირატესობაზე. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა” შედეგიანად მოთამაშე უნივერსიტეტელებს ვერაფერი დაუპირისპირა. შეხვედრის დებიუტში თსუ 13:1 დაწინაურდა და კაკტუსელთა ყველაზე წარმატებული თამაში ამ ეპიზოდს მოჰყვა, როცა სოლიდური ჩამორჩენა ჟღენტის გუნდმა მინიმუმამდე შამცირა – 16:17.

თითქოს თამაში თანაბრად უნდა გაგრძელებულიყო, ისე დამაჯერებლად გააბათილეს კაკტუსელებმა ჩამორჩენა, თუმცა სწორი ტაქტიკისა და კარგი ფიზიკური მომზადების ხარჯზე უნივერსიტეტელებმა მალევე დაიბრუნეს ხელჩასაჭიდი ლიდერობა. ტაიმის მიწურულისთვის თსუ-ელები 10 ქულით დაწინაურდნენ და დიდი შესვენების შემდეგ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.

სწრაფი კონტრშეტევები, ფარქვეშა პოზიციური თამაში და საშუალო სროლები – ამ სათამაშო კომპონენტების კარგად შესრულებით ლაფანაშვილის გუნდს შეხვედრის ბოლომდე მიყვანა აღარ გასჭირვებია. მესამე პერიოდში უნივერსიტეტელთა ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, “კაკტუსი” მეტოქეს ამ ზღვარზე ახლოს ვეღარ მიუახლოვდა.

თსუ-ელთა შორის 24 ქულით, 6 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო ბრენდონ სლაი. 16 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა ბრაის სმიტს, ხოლო ლუკა ზაქრაძემ უნივერსიტეტელებს 13 ქულა შესძინა. კაკტუსელთაგან 16 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ეი ჯეი სამბრი. სამაი ჰეინს-ჯონსმა 11 ქულა მოაგროვა.

gbf.ge

1. ქუთაისი 4/0 8
2. თსუ 3/2 8
3. ცხუმ-აფხაზეთი 2/2 6
4. ბათუმი 2/2 6
5. კაკტუსი 1/4 6
6. ვერა 1/3 5
7. ტიტები 2/1 5
8. დინამო 2/1 5
9. მგზავრები 1/3 5
10. ოლიმპი 1/3 5
11. რუსთავი 2/0 4