ქუთაისელი გულშემატკივრები კვასხვაძეს ამხნევებენ - ეს კაცი ეროვნული ლიგის ლეგენდაა #1TVPOSRT
ქუთაისელი გულშემატკივრები კვასხვაძეს ამხნევებენ - ეს კაცი ეროვნული ლიგის ლეგენდაა #1TVPOSRT

ქუთაისელ გულშემატკივართა კლუბი „ჩვენ ვართ ტორპედო“ „დინამო თბილისის“ მეკარის, როინ კვასხვაძის მიმართ გულშემატკივართა აგრესიულ დამოკიდებულებას გამოეხმაურა.

„ვკითხულობ კომენტარებს და ისე აკრიტიკებენ კვასხვაძეს, თითქოს მხოლოდ მისი ბრალი იყოს „დინამოს” წარუმატებლობა. საკვალიფიკაციო ეტაპზე კი არა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებში უშვებენ დამღუპველ შეცდომებს, მაგრამ ამხელა კრიტიკა და აგრესია მათ მიმართაც კი არ არის. ეს კაცი ეროვნული ლიგის ლეგენდაა და მის ისტორიაში ერთ ერთი საუკეთესო მეკარეა. რაც არ უნდა ილანძღოთ, ამ ფაქტს ვერ გაექცევით“, – წერია ქუთაისელ გულშემატკივართა წერილში.

ქუთაისელმა გულშემატკივრებმა 2017 წლის 26 ნოემბერს „დინამო-არენაზე“ გადაღებული ფოტო გამოაქვეყეს, – მასზე ასახულია კვასხვაძის ნახტომი, რომელმაც ბოლო წუთზე „დინამოს“ ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის შესრულებული პენალტი მოიგერია და ქუთაისურ კლუბს ჩემპიონის ტიტული 15-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნა.

როინ კვასხვაძე „დინამოში“ 2018 წელს ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა, სადაც ის კაპიტანი და გუნდის ლიდერი იყო. კვასხვაძეს წლების განმავლობაში ეროვნული გუნდის შეკრებაზე რეგულარულად იწვევდნენ და მისი ფორმით 12 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის, 2016 წელს გასვლაზე ესპანეთთან მოგებულ შეხვედრაშიც მონაწილეობდა.

კვასხვაძის ქუთაისის „ტორპედოდან“ პრინციპული მეტოქის, „დინამოს“ რიგებში გადასვლამ დიდი ხმაური გამოიწვია. მაგრამ გავრცელებული ინფორმაცით, როინ კვასხვაძემ „დინამო თბილისი“ დატოვა. მართალია, ჯერჯერობით, „დინამო თბილისში“ ამას არ ადასტურებენ, მაგრამ არც უარყოფენ.

დიდი ალბათობით, კლუბიდან როინ კვასხვაძის წასვლის მიზეზი ის გახდა, რომ ორი უხეში შეცდომა დაუშვა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს „ნეფთჩისთან“ ორმატჩიან დაპირისპირებაში – „დინამო თბილისი“ ორივეჯერ 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. თუმცა ვინ იყო ამ გადაწყვეტილების ინიციატორი, მეკარე თუ კლუბი, ჯერ უცნობია.