ქურთულმა შენაერთებმა სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან სტრატეგიული სოფელი გაათავისუფლეს
ქურთულმა შენაერთებმა სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან სტრატეგიული სოფელი გაათავისუფლეს

ქურთულმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ დაეშის მებრძოლებისგან სტრატეგიული სოფელი გაათავისუფლეს. აშშ-ისგან მხარდაჭერილმა ქურთულმა სამხედრო დაჯგუფებამ სამხედრო ოპერაცია სირიის აღმოსავლეთით, დეირ ეზ-ზორის პროვინციაში, ერაყის საზღვის მახლობლად ჩაატარა.

„სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მდინარე ევფრატის ჩრდილოეთ ნაპირზე, სოფელ აშ-შაჯლაჰის გათავისუფლების ოპერაცია სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქურთულმა სამხედრო ჯგუფმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შეიარაღება და აღჭურვილობა ხელში ჩაიგდო.

„სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ რადიკალი ისლამისტების მიერ კონტროლირებული ბოლო ქალაქის, ხაჯინის ასაღებად ფართომასშტაბიანი ოპერაცია ორი კვირის წინ დაიწყო და მიზნისკენ 10 კილომეტრით წაიწია წინ. ოპერაციის ფარგლებში ქურთებმა 40 ისლამისტი მოკლეს და სამხედრო დანიშნულების 28 ადგილი დაიკავეს.

ე.წ. ისლამური სახელმწიფო სირიის ტერიტორიის 3%-ზე ნაკლებს აკონტროლებს. ქურთული სამხედრო დაჯგუფების ოპერაციას მხარს საერთაშორისო კოალიციის ავიაცია უჭერს.