ქურთმა მებრძოლებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 157 მებრძოლი შეიპყრეს
ქურთმა მებრძოლებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 157 მებრძოლი შეიპყრეს

ქურთმა მებრძოლებმა სირიის სამხრეთ-აღმოსაველთ ნაწილში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში „ისლამური სახელმწიფოს“ 157 მებრძოლი შეიპყრეს. ამის შესახებ „სირიის დემოკრატიული ძალების“ პრესსამსახური იუწყება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქურთმა მებრძოლებმა სოფელ ბაღუზში „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკი დაიკავეს. ტერიტორიაზე ოპერაციის ჩატარების შემდეგ კი, „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლებმა „ისლამური სახელმწიფოს 157 მებრძოლის შეპყრობა მოახერხეს. გავრცელებული ცნობით, დაკავებული ტერორისტების დიდი ნაწილი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ქურთი მებრძოლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ახლა ტერორისტებს ერთ მხარეს მდინარე ევფრატი აკავებთ. მეორე მხარეს კი, ქურთი მებრძოლები არიან განლაგებულნი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტერორისტებზე სრული გამარჯვება უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.

მხარეებს შორის დაპირისპირებები სოფელ ბაღუზში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ქურთი მებრძოლები სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სოფელ ბაღუზში ოპერაციას რამდენიმე თვეა აწარმოებენ. ოპერაციის მიზანი „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელი ბასტიონის გათავისუფლებაა. ამ ხნის განმავლობაში ტერიტორია 60 ათასზე მეტმა ადგილობრივმა დატოვა.
სოფელ ბაღუზში მიმდინარე მოვლენებს რეგიონში საკვანძო ოპერაციად აფასებენ. თუმცა, დასავლეთი მიიჩნევს, რომ ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ საფრთხის შემცველი იქნება.

დატოვე კომენტარი