ქორქია-საკანდელიძის მემორიალი რუსთაველებმა მოიგეს #1TVSPORT
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი რუსთაველებმა მოიგეს #1TVSPORT

რუსთავის საკალათბურთო გუნდი მემორიალის გამარჯვებულია. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნის ტურნირი, რომელიც კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით 2006 წლიდან ტარდება, მეექვსედ მოიგო. სატიტულო მატჩში ქვემოქართლელებმა საკალათბურთო კლუბი „მეგა“ დაამარცხეს – 81:64.

მატჩის საბოლოო ანგარიში რუსთაველთა სოლიდურ უპირატესობაზე მიუთითებს, რაც მეორე ნახევარში გამოიკვეთა, მანამდე კი პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. „მეგა“, რომელიც მემორიალის ფინალში თსუ-ს ძლევის შედეგად გავიდა, რუსთაველებს სოლიდურ წინააღმდეგობას უწევდა. სხვათა შორის, ეს გახლდათ „მეგასა“ და რუსთავის მეორე მატჩი ამ ტურნირზე. ამ გუნდების შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე რუსთაველთა 14-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა და ეს გახლდათ მემორიალის პირველი მატჩი. ასე რომ, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას 2023 წლის გათამაშება „რუსთავი“-„მეგას“ მატჩით დაიწყო და დასრულდა.

გამარჯვებულთაგან ბომბარდირი ლუკა ბულაშვილი გახდა – 23 ქულა. გუგა პატაშურმა 16 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. რევაზ როგავას ანგარიშზე 15 ქულა და 8 პასია. „მეგადან“ საუკეთესო 27 ქულითა და 16 მოხსნით მარკუს გილსონი გახდა, ოთარ ბულიავამ კი 18 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

ფინალური მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ტურნირის საუკეთესო ფორვარდს, გუგა პატაშურს სპეციალური პრიზი მიხეილ ქორქიას შვილმა, თამუნა ქორქიამ გადასცა. საუკეთესო უკანახაზელის პრიზი ლუკა ბულაშვილმა დაიმსახურა, რომელიც ზურაბ საკანდელიძის მეუღლემ, მაცაცო მგელაძე-საკანდელიძემ დააჯილდოვა.

რუსთაველთა კაპიტანს, აკაკი დვალიშვილს გარდამავალი თასი ზურაბ საკანდელიძის შვილიშვილმა, გიორგი ჩაჩავამ გადასცა.