ქორქია-საკანდელიძის მემორიალი „ქუთაისმა“ მოიგო [ვიდეო]

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი „ქუთაისი 2010-მა“ მოიგო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიურ ქალაქ ქუთაისში თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მოახერხა „ვერას“ წინააღმდეგობის დაძლევა და საბოლოოდ, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 88:67.

ქუთაისელები, რომლებსაც აღნიშნული ტიტული ისტორიაში სამჯერ – 2016, 2017 და 2018 წლებში მიჯრით აქვთ მოგებული, ოლიმპიური ჩემპიონების თასს სამწლიანი პაუზის შემდეგ დაეუფლნენ.

„ქუთაისმა“ მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და უკვე მოასწრო ერთი ტიტულის – დუდუ დადიანის თასის მოგება. ამჯერად კი ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ტიტულიც მოიპოვა. ფინალში ქუთაისელთა მოცილე მოკლე ისტორიის მქონე კლუბი „ვერა“ გახლდათ, რომელსაც ახალი, ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს – ლევან ფაცაცია. ის, რომ ვერელები ფინალში გავიდნენ, ამ კლუბის წევრებისთვის უკვე დიდი წარმატება გახლდათ, რადგან ფაცაციას გუნდმა გზიდან სუპერლიგის ლიდერი „რუსთავი“, „ტიტები“ და „კაკტუსი“ ჩამოიშორა.

გამარჯვებულთაგან 18 ქულით ბომბარდირი დეჟან რაითი გახდა, რომელმაც ასევე 10 მოხსნა და 6 გადაცემა მიითვალა. 16 ქულა, 8 მოხსნა და 3 გადაცემა 11-დან 11-ივე საჯარიმოს ჩამგდებმა ჟოელ ალმეიდამ დააგროვა. 15 ქულა კაჰიმ რენსომმა მიითვალა, ხოლო 10-10 ქულა-მოხსნა ანგარიშზე აკაკი დვალიშვილმა ჩაიწერა. „ვერაში“ 16 ქულით ბომბარდირი აარონ პარკსი გახდა, ჯოშუა ჰავლიმ შეხვედრა 14 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც საუკეთესოები გამოარჩიეს. ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ქუთაისელთა ამერიკელი ლეგიონერი დეჟან რაითი, ხოლო ილია ლონდარიძემ ტურნირის საუკეთესო ფორვარდის პრიზი დაიმსახურა. პრიზიორები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა – ზვიად კოტრიკაძემ და ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვეს. მემორიალის საუკეთესო უკანახაზელი გახდა ვერელთა გამთამაშებელი – გივი ბაქრაძე.

საკანდელიძე-ქორქიას თასი ქუთაისელთა კაპიტან გიორგი ბარბაქაძეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცეს.

gbf.ge