ქორქია-საკანდელიძის მემორიალი „ქუთაისმა“ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი „ქუთაისმა“ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებული „ქუთაისია“. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ფინალურ შეხვედრაში თბილისური „მეგა“ 93:78 დაამარცხეს და ტიტული შეინარჩუნეს. იმერულმა კლუბმა ეს ტურნირი შარშანაც მოიგო.

ქუთაისელთა მეტოქე გახლდათ „მეგა“, გუნდი, რომელიც წინა სეზონში „ა“ ლიგაში ასპარეზობდა და ახლა სუპერლიგის დებიუტანტია. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მემორიალზე ღირსეულად ითამაშა, ფინალის საგზური მოიპოვა და ტიტულის მოგებასთანაც ახლოს იყო.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. თავდაპირველად დაჯილდოვდა ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი. პრიზი ქუთაისის ზურაბ საკანდელიძის სახელობის საკალათბურთო კლუბმა დააწესა. პრიზის მფლობელი გახდა ქუთაისელი ლუკა გორგოძე, რომელიც კლუბის პრეზიდენტმა, თემურ ქორიძემ დააჯილდოვა.

ტურნირის საუკეთესო უკანახაზელი ქუთაისელი ადრიან ბოუი გახდა, რომელსაც პრიზი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად კოტრიკაძემ გადასცა. საუკეთესო ფორვარდის ტიტული ქუთაისელთა გუნდის ლეგიონერ ჯარვის რეის ერგო, რომელიც საქართველოს პარლამენტის ქუთაისელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა ლომინაძემ დააჯილდოვა.

ქუთაისელთა კაპიტან აკაკი დვალიშვილს ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის თასი ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯმდომარემ, პაატა გურასპაულმა გადასცეს.

gbf.ge