ქოჩორაშვილმა სეზონი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო – „ლევანტე“ „ამორებიეტას“ დაუზავდა #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილმა და „ლევანტემ“ ახალი სეზონი „ამორებიეტას“ წინააღმდეგ მატჩით დაიწყეს, რომელიც გასვლაზე ჩაატარეს და შეხვედრა ფრედ დაასრულეს – 1:1.
რანგით მესამე ლიგაში გატარებული სეზონის შემდეგ „ლევანტეში“ დაბრუნებულმა 23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 70 წუთი ითამაშა.
ანგარიში „ლევანტემ“ გახსნა. 30-ე წუთზე ზუსტი დარტყმით მაროკოელმა თავდამსხმელმა, მუჰამედ ბულდინიმ სტუმრები დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმში „ამორებიეტამ“ ანგარიში გაათანაბრა – 64-ე წუთზე თავი ენეკო იაურეგიმ გამოიჩინა.
მეტოქეთა მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა სასტარტო ტურში ქულები გაინაწილეს – 1:1.