ქოჩორაშვილმა „ლევანტესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
ქოჩორაშვილმა „ლევანტესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატის (ლა ლიგის) „ლევანტეს“ თავისი მომავალი კიდევ ერთი წლით დაუკავშირა, – ქართველ ნახევარმცველზე ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„გიორგი ქოჩორაშვილმა „ატლეტიკო ლევანტესთან“ ხელშეკრულება ერთი სეზონით გაახანგრძლივა, კიდევ სამი სეზონის გახანგრძლივების შესაძლებლობით. ქართველი ფეხბურთელი კლუბში 2019 წლის ივლისში ჩამოვიდა და მესამე სეზონს ჩაატარებს. გიორგიმ სულ 31 თამაში ჩაატარა „ატლეტიკო ლევანტეში“, ორი თამაში ჩაატარა კოპა დელ რეიში და ოთხი თამაში ლა ლიგაში, სადაც დებიუტი 2020 წლის 12 ივლისს ბილბაოს „ატლეტიკთან“ ჰქონდა“, – წერს „ლევანტეს“ ოფიციალური ვებგვერდი.

ხალენა სპორტ მენეჯმენტის“ წარმომადგენელი, ფიფა-ს აგენტი ანტონიო ლოპესი კი ამტკიცებს, ამ ნაბიჯით ქართველ ფეხბურთელს მთავარ გუნდში დააწინაურებენ:

„გიორგი ქოჩორაშვილმალევანტესთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა და ახალ სეზონში პირველ გუნდში ითამაშებს“.

გიორგი ქოჩორაშვილი ესპანური „ლევანტესა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი 22 წლისაა. პროფესიული კარიერა „საბურთალოში“დაიწყო, რომლის აკადემიის აღზრდილიცაა. თბილისური გუნდის ფორმით საქართველოს ჩემპიონატში 2017 წლის ივლისში 2 მატჩი ჩაატარა. იმავე წლის აგვისტოში ის ორი წლით იჯარით ესპანეთის სეგუნდას კლუბ „პერალადაში“ გადავიდა. 2019 წლის ზაფხულში კონტრაქტი „ლევანტესთან“ გააფორმა, რომლის ფარმ-კლუბშიც გამოდიოდა, მაგრამ შარშან და წელს მთავარ გუნდში თამაშები ჩაატარა და ახლა სწორედ ლა ლიგის გუნდში დააწინაურეს. „ლევანტეში“ ახალგაზრდა ნახევარმცველი ქართველმა მენეჯერმა, ლევან სეთურიძემ წაიყვანა, რომელიც ანტონიო ლოპესის  პარტნიორია – გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი „ვალენსიაში“ ასევე მან განახორციელა.

გიორგი ქოჩორაშვილი იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი. მონაწილეობდა 19 -წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატში, რომელიც 2017 წელს საქართველოში გაიმართა და ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში ითამაშა.