ქოჩორაშვილის პირველი ესპანელი მწვრთნელი – „სევილიას“ მსგავსი ხასიათის ფეხბურთელები სჭირდება #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიაში“ უკვე ყურადღებას იქცევს – გამოცემა Estadio Deportivo-მ ესპანეთში ქართველი ნახევარმცველის პირველ მწვრთნელს, ნარსის პელახს ინტერვიუ ჩამოართვა.
ქოჩორაშვილი „ვალენსიასთან“ მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ახალ გუნდში პირველი საგოლე გადაცემით „სევილიას“ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, ეს ინტერვიუც ამის გამოძახილია.
პელახი ქოჩორაშვილს „ჟირონას“ სარეზერვო გუნდ „პერალადას“ ახალგაზრდულ შემადგენლობაში ავარჯიშებდა და პირველი იყო, ვინც ქართველ ფეხბურთელში განსაკუთრებული ნიჭი შენიშნა, ძირითად გუნდში დააწინაურა და ესპანურ ფეხბურთში მის ინტეგრაციას საფუძველი ჩაუყარა. მან კარიერის საწყის ეტაპზე ქოჩორაშვილის ნაკლებად ცნობილ თვისებებსა და უნარებზე ისაუბრა.
„როდესაც მითხრეს, რომ ქოჩორაშვილი „სევილიასთან“ კონტრაქტს აფორმებდა, ძალიან გამიხარდა და ეს წარმატებად აღვიქვი, რადგან მიმაჩნია, რომ მისი ხასიათი და კლუბის ბუნება ერთმანეთს იდეალურად შეეფერება. ვფიქრობ, „სევილიას“ სჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც მებრძოლი ხასიათი აქვთ. ზოგიერთი გუნდის მაისურის მორგება სხვაზე მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ქოჩორაშვილს კი აქვს მენტალური სიმტკიცე, რათა ეს გამოწვევა დაძლიოს და წარმატებას მიაღწიოს.
მას 19-წლამედელების გუნდიდან ვიცნობდით, სადაც პედრო პოროც თამაშობდა. „ქოჩო“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი იყო, შეუპოვარ ხასიათით და ამასთან, ძალიან მონდომებული. ამიტომ სულაც არ მიკვირს, რომ „სევილიასთან“ კონტრაქტი გააფორმა. სწორედ ეს მენტალიტეტი განასხვავებს მას ბევრი სხვა ნიჭიერი ფეხბურთელისგან, რომლებიც უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას ვერ ახერხებენ.

ქოჩორაშვილს განსხვავებული მიდგომა ჰქონდა და მასთან მუშაობა ძალიან მომწონდა. ჩემი ხელმძღვანელობით მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. რთული წელი იყო, რადგან ლიგიდან გავვარდით, მაგრამ გიორგიმ ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და მნიშვნელოვნად გაიზარდა. მან იცოდა პარტნიორებისთვის ბურთის დაბრუნება, თამაშობდა მაღალი ინტენსივობით, დიდ მანძილს ფარავდა და ოსტატობით გამოირჩეოდა.
მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ფიზიკური მონაცემები არ ჰქონდა და როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად ბოლომდე ჩამოყალიბებული არ იყო, მაინც წარმოუდგენლად აგრესიულად თამაშობდა, მისი ძალიან მჯეროდა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ შეეძლო, რაღაც განსაკუთრებულისთვის მიეღწია.
როგორც ფეხბურთელი, ძალიან მალე შემიყვარდა. ვითარება განსაკუთრებით საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც ის ჯერ – ახალგაზრდული, შემდეგ კი პირველი გუნდის ვარჯიშებზე ვიხილე. დავინახე სიამაყე, სრული თავდადებით თამაში და მონდომება. მას შესანიშნავი გამძლეობა ჰქონდა, ამავდროულად, ბურთთანაც ძალიან თავდაჯერებულად გრძნობდა თავს. რასაც ვითხოვდი, იმ დავალებას ასრულებდა.
მახსოვს, იმდენად ბევრს დარბოდა, რომ GPS-ი (საფეხბურთო სტატისტიკური სისტემის აპარატი) გაფუჭდა. 13 კილომეტრს ფარავდა და ყოველთვის ვეხუმრებოდი, მაინტერესებდა, შეძლებდა თუ არა უფრო მეტ სირბილს.
„სევილიას“ სჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც უკან არ დაიხევენ – ეს ქოჩორაშვილის ხასიათშია. ის არის მოთამაშე, რომელიც გუნდს ყველანაირად დაიცავს და გადაეფარება. „სევილიის“ მსგავს კლუბში, ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თვისებებია“.