ქობულეთში ”ჩელე-არენას” სამ ეტაპად განაახლებენ
ქობულეთში ”ჩელე-არენას” სამ ეტაპად განაახლებენ

ქობულეთში ცენტრალური სტადიონის განახლება დაიწყო. “ჩელე არენაზე” ხელოვნურ ხალიჩას ბუნებრივი საფარი ჩაანაცვლებს. სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა და ძველი საფარი უკვე აიღეს.

ბუნებრივი საფარის დაგებას 2 თვე დასჭირდება, ზაფხულში კი ქობულეთის “შუქურა” “ჩელე არენას” დაუბრუნდება – მანამდე გუნდი, დიდი ალბათობით, ბათუმში ითამაშებს.

”შუქურას” დირექტორის, რევაზ ჩელებაძის თქმით, ”ჩელე-არენას” განახლებას არც ისე მცირე თანხა სჭირდება. ამის გამო, სტადიონის სრული რეაბილიტაცია სამ ეტაპად გაგრძელდება. პროექტი ქობულეთის თვითმართველობამ და აჭარის მთავრობამ მოიწონა: მეორე და მესამე ეტაპებზე ტრიბუნების მოწესრიგება და გადახურვა, ასევე განათების სისტემის დამონტაჟება იგეგმება. საბოლოოდ, ”ჩელე-არენა” 4-ათასიანი, გადახურული სტადიონი იქნება, სადაც ოფიციალური შეხვედრების განათებაზე ჩატარება იქნება შესაძლებელი.