ქობულეთის „შუქურას“ ფანკლუბი ინვესტორის წასვლას ითხოვს #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურას“ ფანკლუბი ინვესტორის წასვლას ითხოვს #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურას“ ფანკლუბმა, „ვიკინგებმა“ გუნდის დირექტორის, გიორგი დოლიძის წასვლის შემდეგ საგანგებო წერილი გაავრცელა და ქობულეთის მერს, ლევან ზოიძესა და აჭარის მთავრობას მოქმედი ინვესტორის, აიეტ კუკავას კლუბიდან გაშვება მოსთხოვა.

„გიორგი დოლიძე უაღრესად წესიერი ადამიანია და გულით ცდილობდა, რომ გუნდს პრობლემები არ ჰქონოდა. მასთან ერთად წავიდნენ გიორგი ბოკუჩავა და გიორგი ქორიძე. დავინახეთ, სამივე როგორ ცდილობდა გუნდის გადარჩენას.

ბატონო ლევან, აიეტ კუკავა შეგპირდათ, რომ გუნდს ეროვნულ ლიგაში პრობლემა არ შეექმნებოდა. მან თქვენც მოგატყუათ და ის ხალხიც, რომლებმაც აგირჩიათ. ყველა ქობულეთელს თქვენი იმედი აქვს და გვჯერა, ამ ტყუილისთვის შესაბამის ზომებს მიიღებთ. ჩვენი თხოვნაა, დროულად აგებინოთ პასუხი აიეტ კუკავას.

ახდა ირაკლი ბერიძის („შუქურას“ ყოფილი დირექტორი) სიტყვები, რომელსაც ქობულეთი სათანადოდ არ დაუდგა გვერდში. შესაძლოა, ჩვენც უფრო მეტად უნდა დაგვეჯერებინა მისთვის. დიდი პრობლემებია და იმედია, ქალაქი ახლა მაინც გაერთიანდება და ბატონ კუკავას გუნდიდან მივაბრძანებთ.

აჭარის მთავრობას ვთხოვთ, სანამ კიდევ არის „შუქურას“ გადარჩენის შანსი, აიეტ კუკავა ჩამოაშოროთ ამ ქალაქსა და გუნდს“, – წერია მიმართვაში.