ქობულეთის „შუქურას“ ადმინისტრაცია - გუნდი კი არ დაიშლება, ყველა პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურას“ ადმინისტრაცია - გუნდი კი არ დაიშლება, ყველა პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბის, ქობულეთის „შუქურას“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ დავალიანების გასასტუმრებლად კონკრეტული ნაბიჯები იდგმება.

„საფეხბურთო კლუბი „შუქურა“ გილოცავთ ახალ 2023 წელს და დამდეგ შობას, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებებს და განვითარებას. განსაკუთრებით ვულოცავთ ქართულ საფეხბურთო სამყაროს და იმედს ვიტოვებთ, რომ 2023 წელი როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო თვალსაზრისით, პროგრესის და წინსვლის წელი იქნება.

გვსურს, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ „შუქურას“ გარშემო შექმნილ ნეგატიურ საინფორმაციო ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ „შუქურას“ ინვესტორი და მენეჯმენტი აღიარებს დროებითი ფინანსური შეფერხებების ფაქტს, რასაც სუბიექტური და ობიექტური მიზეზები გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ იდგმება ნაბიჯები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, დავალიანების გასასტუმრებლად და 2023-ის სეზონისთვის გუნდის მოსამზადებელი პერიოდის დასაგეგმად, გარე ძალები ცდილობენ კლუბის დისკრედიტაციას და „შუქურასთან“ დაკავშირებით არასასურველი მოლოდინების შექმნას.

ამასთან, ობიექტურობისათვის საჭიროა მეტი დეტალები გავაჟღეროთ. კლუბის ადმინისტრაციისა და პერსონალის ჩათვლით, 50-მდე ადამიანია დასაქმებული. გუნდის სახელფასო ყოველთვიური ბიუჯეტი 160 000 ლარი იყო. ფეხბურთელებს საშუალოდ 3 500 ლარი ჰქონდათ ხელფასი, როცა იმავე ლიგაში საშუალო ხელფასი 1 000 ლარია. შესაბამისად, წლის განმავლობაში გუნდში ინვესტიციამ უკვე 2 მილიონ ლარს მიაღწია.

გვსურს, კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ „შუქურა“ არა თუ დაიშლება, არამედ ყველა პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება და ჩვენი გუნდი განვითარების გზით გააგრძელებს სვლას. ახალი ინვესტორის მოსვლის შემდეგ ჩვენ დამაჯერებლად დავძლიეთ ლიგა 2-ის ბარიერი და ეროვნულ ლიგაში აღვზევდით, მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ.

კლუბის ინვესტორის მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას ინფრასტრუქტურის საკითხი, რაც „შუქურას“ სამომავლო წარმატებებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და მთავარი საფუძველი გახდება. მივმართავთ იმ „კეთილმოსურნეებს“, რომლებიც „შუქურას“ გარშემო აპოკალიპტური სურათის დახატვით საფეხბურთო საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ:

თუ „შუქურას“ ბედი მართლაც გაინტერესებთ და გაღელვებთ, თავი შეიკავეთ ნაჩქარევი და უსაფუძვლო უარყოფითი დასკვნებისგან. ძალიან მალე ყველა დაინახავს, თუ რა დადებითი ძვრები განხორციელდება კლუბის განვითარების მიმართულებით“, – წერია „შუქურას“ ადამინისტრაციის განცახდებაში.