ქობულეთის „შუქურა“ ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურა“ ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში დაწინაურებული ქობულეთის „შუქურას“ მოთამაშეები, სამწვრთნელო შტაბი და პერსონალი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დავალიანების დაფარვას ელოდებიან, მანამდე კი გუნდი ხუთმა მოთამაშემ დატოვა, – ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.

„შუქურა“ დატოვა 26 წლის ნახევარმცველმა გიორგი ვეკუამ, რომელიც მანამდე „გაგრაში“ თამაშობდა. ვეკუას ახალი კლუბი ჯერჯერობით უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ქობულეთელთა ოთხი ყოფილი მოთამაშე – დავით სამსონია, ბექა ვარშანიძე, მირზა ფარტენაძე და ვაკო თევდორაძე (რომელიც ორი წლის წინ ბათუმის „დინამოს“ კაპიტანი იყო) ახალი სეზონიდან ლიგა 4-ის „გონიოში” ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის „შუქურა“ 2022 წელს ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა. რევაზ გოცირიძის გუნდმა პირველი ადგილი ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდა და ეროვნულ ლიგაში პლეი ოფის გარეშე დაწინაურდა.