„ქიზილქუმმა“ „დილა“ ქართველის გოლით დაამარცხა
„ქიზილქუმმა“ „დილა“ ქართველის გოლით დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე გორის „დილამ“ მე-2 მატჩი უზბეკეთის სუპერლიგის „ქიზილქუმთან“ გამართა და მოულოდნელად დამარცხდა.

თურქეთის ქალაქ ანტალიას საფეხბურთო ცენტრ „ასტორიაში“ გამართულ შეხვედრაში „ქიზილქუმი“ გორელებს ქართველი შემტევებით დაუპირისპირდა – ცენტრალური ნახევარმცველი იყო გიორგი კუხიანიძე, ფლანგიდან გუჯა გრიგალაშვილი უტევდა, ხოლო ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციიდან – „დილას“ ყოფილი ფეხბურთელი მათე ვაწაძე. სამივემ შეუცვლელად ითამაშა.

მატჩი ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მომენტების რეალიზება ვერ მოახერხეს, ისევე როგორც უზბეკებმა და ტაიმი უგოლოდ დასრულდა. „დილამ“ მეორე ნახევარში მეტოქეზე წნეხი კიდევ უფრო გაზარდა, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა განახორციელა. კუხიანიძის დარტყმული ძელს მოხვდა. მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე „კიზილკუმმა“ გადამწყვეტი გოლი გაიტანა, რაც ქართველი ლეგიონერების დამსახურება იყო. მათე ვაწაძეს შესანიშნავი პასის შემდეგ, გუჯა გრიგალაშვილმა ზუსტად დაარტყა – 0:1. გორელთა მცდელობების მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და „დილა“ დამარცხდა – 0:1.

„დილა“ (პირველი ნახევარი): გუგეშაშვილი – ჩიტეიშვილი, ხურცილავა, მაისაშვილი, ვანდერსონი – გაგნიძე, ბიძინაშვილი, ნონდი – ღუდუშაური, ბუღრიძე, კაპანაძე.

მეორე ნახევარი: მუჯრიშვილი, ჩიტეიშვილი, ეტოუ, ჭიჭინაძე, ნემსაძე, მადინგა, მოსიაშვილი, ბაბუნაშვილი, ალიმბარაშვილი, სპანდერაშვილი, კაპანაძე.

მომდევნო შეხვედრას „დილა“ რუსულ ,,ტომთან” გამართავს, სადაც გუნდის აღზრდილი თენგო წიქარიძე მცირე ხნის წინ ჩაირიცხა. მატჩი 14 თებერვალს ჩატარდება.