ქინქლაძე დუმილს პირველ არხზე დაარღვევს - გუცაევმა ვარსკვლავი „ტაიმაუტში“ სტუმრობაზე დაითანხმა (ვიდეო)

გიორგი ქინქლაძე ხანგრძლივ დუმილს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ დაარღვევს – ეს გადაცემის თანაწამყვანმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ვლადიმერ გუცაევმა „ტაიმაუტის“ მსვლელობისას განაცხადა.

„საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი, რომელიც არავის ინტერვიუს არ აძლევს, არც ერთ ტელევიზიასა და გაზეთში არ ყოფილა, შემდეგ ხუთშაბათს ექსკლუზიურად პირველი არხის გადაცემის სტუმარი იქნება. მან როდესაც შეიტყო, რომ პირველ არხზე ვართ და გადაცემას ვუძღვებით, სიამოვნებით დაგვთანხმდა – ეს ფეხბურთელია გიორგი ქინქლაძე.

მან დიდი კვალი დატოვა, არა მხოლოდ ქართულ ფეხბურთში – „მანჩესტერ სიტიში“ დღემდე ამბობენ, რომ ასეთი ლეგიონერი არ ჰყოლიათ. ხალხს უყვარს, მისი აზრი აინტერესებთ ნაკრებზე, ბავშვებზე, მომავალზე და ფეხბურთზე და ძალიან სამწუხაროა, ასეთი ფეხბურთელი პრესასა და ტელევიზიაში რომ არ გამოდის“ – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე იყო „მრეტების“, თბილისის „დინამოს“, „მანჩესტერ სიტის“ და „აიაქსის“ მოთამაშე. ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა  „მანჩესტერ სიტის“ ყველა დროის 10 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა, რომელთა შორის გიორგი ქინქლაძეც მოხვდა. თავად ინგლისური კლუბის ფანებმა კი „ქინქი“ „მანჩესტერ სიტის“ საუკეთესო ლეგენდებში დაასახელეს.

დატოვე კომენტარი