„ქიაფაზმა“ კონკურენტი მათე კვირკვიას დუბლით დაამარცხა #1TVSPORT
„ქიაფაზმა“ კონკურენტი მათე კვირკვიას დუბლით დაამარცხა #1TVSPORT

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 23-ე ტური „ქიაფაზისა“ და „შამახის” მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი კი მათე კვირკვია იყო.

„ქიაფაზის“ შემადგენლობაში კვირკვიასთან ერთად, შეუცვლელად ითამაშა გიორგი ქანთარიამ. განჯაში გამართულ დაპირისპირებამდე ქართველების გუნდი ბოლო ადგილზე იყო, მისი მეტოქე კი უშუალო კონკურენტია.

„ქიაფაზი“ პირველ ტაიმში დაწინაურდა, მაგრამ „შამახმა“ წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მათე კვირკვიას დუბლით მოიპოვეს. 26 წლის თავდამსხმელმა 55-ე წუთზე თავისიანები ჯერ დააწინაურა, 72-ე წუთზე კი უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა და საბოლოოდ, გუნდს გამარჯვება მოუტანა – 3:2.

აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ჩატარებული 23 ტურის შემდეგ, „ქიაფაზს“ 17 ქულა აქვს და ათგუნდიან პრემიერლიგაში მე-9 ადგილზეა.