ქეთევან დუმბაძე - დარწმუნებული ვარ, კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა და პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნა წაშლის შეხედულებას, რომ კულტურას ნაკლები ყურადღება ექცევა
ქეთევან დუმბაძე - დარწმუნებული ვარ, კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა და პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნა წაშლის შეხედულებას, რომ კულტურას ნაკლები ყურადღება ექცევა

დარწმუნებული ვარ, კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა და პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნა წაშლის შეხედულებას, რომ კულტურას ნაკლები ყურადღება ექცევა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ქეთევან დუმბაძემ თემის კომენტირებისას.

დუმბაძის თქმით, საქართველოსთვის კულტურა სტრატეგიული დარგია და შემოქმედებითი საზოგადოება ითხოვს სახელმწიფო დონეზე ამის აღიარებას

„უპირველეს ყოვლისა უამრავი შემოქმედის, სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების სახელით მინდა, მადლობა გადმოგცეთ ამ გადაწყვეტილებისთვის. აღარ ვილაპარაკებ იმ ურთულეს პრობლემებზე, რომელის წინაშეც კულტურა და კულტურის წარმომადგენლები დადგნენ პანდემიის პერიოდში. რამდენი რამ იყო და არის გასაკეთებელი ამ სფეროსთვის არა მხოლოდ პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში.

კულტურა ერის ღირსებაა – ყოველთვის ასე ითვლებოდა საქართველოში და ასეა ახლაც. ისეთი ერისთვის კი, რომელიც ასე თვლის, კულტურული რყევები ან სტაგნაცია ყველა ბუნებრივ სტიქიაზე უფრო საშიშია!

საქართველოსთვის კულტურა სტრატეგიული დარგია და შემოქმედებითი საზოგადოება ითხოვს სახელმწიფო დონეზე ამის აღიარებას, რადგან მიაჩნია, რომ კულტურაზე დგას საქართველოს, როგორც ქვეყნის  ცნობადობა, რითაც შეუძლია, დაიმკვიდროს თავი მსოფლიო თანამეგობრობაში. რადგან მიაჩნია, რომ მსოფლიო კულტურასთან შერწყმა, ქვეყნისთვის მსოფლიო კულტურულ რუკაზე დამკვიდრების წინაპირობაა.

კულტურა საგარეო პოლიტიკის საძირკველია – ასე განსაზღვრა კულტურის როლი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და, რა თქმა უნდა, იგი არ ცდებოდა,  დღეს ეს განსაზღვრება ყველაზე აქტუალურად ჟღერს და მინდა მჯეროდეს, რომ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე  კულტურა პრიორიტეტულ ადგილს დაიკავებს.

არაერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დაპირისპირებები და აგრესია კი არ იწვევს კულტურის კრიზისს, არამედ პირიქით, შეურიგებლობა და აგრესიაა კულტურის კრიზისის შედეგი. და თუ დავეთანხმებით ამ აზრს, ნათელი გახდება, რამდენად მნიშვნელოვანია კულტურის როლი საზოგადოების განვითარების პროცესში.

დარწმუნებული ვარ, კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა და საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის შექმნა წაშლის ბოლო დროს საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებას, რომ კულტურას ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა.

და ბოლოს, კულტურის სფეროს წარმომადგენლების სახელით მინდა, მივმართო ბიზნესის წარმომადგენლებს და მოვუწოდო კულტურის სტიმულირებისკენ. მივმართო პარლამენტს და გთხოვოთ ფილანტროპიის კანონის შემუშავება, რომელსაც, როგორც გადარჩენას, ისე ელოდება კულტურის სფერო და იმედს ვიტოვებ, რომ კულტურის კომიტეტის შექმნა ამ კანონის მალე ინიცირების საწინდარი გახდება! რომელიც დიდ შეღავათს გაუწევს სახელმწიფოს ისეთი მოწყვლადი სფეროს განვითარებაში როგორიც კულტურაა“, – აცხადებს ქეთევან დუმბაძე.