ქეთევან ბაკარაძე - ანტიკრიზისული დახმარების ფარგლებში საკმაოდ ბევრი დევნილი მეწარმე თუ ფერმერი მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას, რომ არაფერი ვთქვათ თვითდასაქმულებზე
ქეთევან ბაკარაძე - ანტიკრიზისული დახმარების ფარგლებში საკმაოდ ბევრი დევნილი მეწარმე თუ ფერმერი მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას, რომ არაფერი ვთქვათ თვითდასაქმულებზე

ანტიკრიზისული დახმარების ფარგლებში საკმაოდ ბევრი დევნილი მეწარმე თუ ფერმერი მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას, რომ არაფერი ვთქვათ თვითდასაქმულებზე, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ქეთევან ბაკარაძე აღნიშნავს, რომ პრემიერის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას განსაკუთრებულად დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან.

„მათ შორის ვნახეთ რიგი ადამიანების მხრიდან აპელირება იმაზე, რომ პრეზენტაციის დროს დევნილი საზოგადოება არ იყო მოხსენიებული, როგორც სახელმწიფოსგან ბენეფიტის მიმღები ინდივიდუალური კატეგორია, რაც თემის ინსპირირებას უფრო ჰგავს, ვიდრე საგნობრივ კრიტიკას.

ყველამ კარგად იცის და მით უფრო თავად დევნილებმა, რომ არსებობს კონკრეტული ციფრები და სტატისტიკა რა პროცენტული მაჩვენებელი მოდის დევნილის სტატუსის მქონე სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელზე (მოწყვლადი სეგმენტიდან მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შშმპ, სოციალურად დაუცველები – მათ შორის 65000-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულით). ამასთან, ამ ანტიკრიზისული დახმარების ფარგლებში საკმაოდ ბევრი დევნილი მეწარმე თუ ფერმერი მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას, რომ არაფერი ვთქვათ თვითდასაქმულებზე.

ამასთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს ზრუნვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად და ახორციელებს უპრეცედენტო პროექტებს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, როგორც covid-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით, ისე ბენეფიციარებისთვის მრავალკომპონენტიანი დახმარების კუთხით!

ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა ფოკუსირებულია ამ რთულ ვითარებაში ეკონომიკური სიდუხჭირის დაძლევაზე, გადაუდებელ სოციალურ დახმარებაზე და არა ბიზნესის განვითარებასა და გრძელვადიან კეთილდღეობაზე; სახელმწიფო ორიენტირებულია გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებაზე და თავისი ლიმიტირებული რესურსებით, სწორი და თანმიმდევრული ქმედებებით პოზიციონირებს, როგორც წარმატებული ქვეყანა.

ვფიქრობ, ასეთი აგრესიული განცხადებები გამოიწვევს დევნილი საზოგადოების კიდევ უფრო მეტად სეგრეგაციასა და სტიგმატიზაციას; ამის ნაცვლად უპრიანი იქნება თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ძლიერ ხვალინდელ დღეს მოვახმაროთ. #დარჩისახლში #StopCov“, – წერს „ფეისბუქში“ ქეთევან ბაკარაძე.