ქეცბაიას შემდეგ „ანორთოსისში“ ქართველი ჩაირიცხა - კლუბთან კონტრაქტი ებრალიძემ გააფორმა #1TVSPORT
ქეცბაიას შემდეგ „ანორთოსისში“ ქართველი ჩაირიცხა - კლუბთან კონტრაქტი ებრალიძემ გააფორმა #1TVSPORT

ფამაგუსტას „ანორთოსისთან“, რომელიც მცირე ხნის წინ თემურ ქეცბაიამ დატოვა, კონტრაქტი ავთო ებრალიძემ გააფორმა – ინფორმაციას ფამაგუსტას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ფამაგუსტას ანორთოსისი აცხადებს თანამშრომლობის დაწყებას ფეხბურთელ ავთო ებრალიძესთან. თანამშრომლობა 2024 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. მივესალმებით ფეხბურთელს ჩვენს გუნდში და ვუსურვებთ წარმატებებს“, – წერია „ანორთოსისის“ განცხადებაში.

ავთო ებრალიძე ახალი სეზონის დაწყებამდე „ანორთოსისის“ მესამე ტრანსფერია. ებრალიძე დაიბადა 1991 წლის 10 მარტს და 17 წლის ასაკში გაემგზავრა პორტუგალიის „ლაგოსის“ აკადემიაში. მან პორტუგალიაში კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა, ითამაშა მთავარ დივიზიონშიც, სადაც მან 54 მატჩი ჩაატარა „ნასიონალის“, „ჩავესის“ და „ჟილ ვისენტეს“ მაისურებით და ერთი გოლი გაიტანა.

ასევე უთამაშია რუმინეთში „ვოლუნტარის“ შემადგენლობაში (14 საგოლე გადაცემა, 1 გოლი), 2020 წლის იანვარში დაბრუნდა პორტუგალიაში „ლისოესში“. მისი ბოლო გუნდი კვიპროსული „დოქსა“ იყო, სადაც ყველა შეჯიბრში 25 მატჩში, 4 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისში“ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია თამაშობს, რომელიც კლუბში 2019 წელს ჩაირიცხა.