ქეცბაიას მოულოდნელი განცხადება საიუბილეო მატჩის შემდეგ - ჯერ „ანორთოსისს“ კონტრაქტის გახანგრძლივება არ შემოუთავაზებია
ქეცბაიას მოულოდნელი განცხადება საიუბილეო მატჩის შემდეგ - ჯერ „ანორთოსისს“ კონტრაქტის გახანგრძლივება არ შემოუთავაზებია

კვიპროსის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც „ანორთოსისმა“ „დოქსა“ 1:0 დაამარცხა, ფამაგუსტაში დაბრუნებული თემურ ქეცბაიასთვის კლუბის მწვრთნელის რანგში ჩატარებული საიბილეო მე-100 მატჩი აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველმა სპეციალისტმა მოულოდნელად განაცხადა, რომ „ანორთოსს“ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება ჯერ არ შეუთავაზებია.

ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც კითხვა დაუსვეს – შეხვდა თუ არა გუნდის პრეზიდენტს, ქრისტოს პულაიდისს და ესაუბრა თუ არა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

„ასეთი შეხვედრა არ გვქონია. გუნდთან კონტრაქტი ზაფხულში მიმთავრდება და მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი“, – განაცხადა ქეცბაიამ.

მანამდე კი გუნდში ჩატარებულ საიუბილეო მე-100 მატჩის კომენტარისას, ერთი შეხედვით, კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზა თქვა: „ვცდილობ, ჩემი საქმე გავაკეთო, სანამ აქ ვარ“.

ამ კუთხით საყურადღებო იყო მატჩამდე „ანორთოსისის“ პრესსამსახურის უფროსის, დიმიტრის კრისტოფერუს მიერ სატელევიზიო ჩართვაში მატჩამდე ნათქვამი ორაზროვანი განცხადება: „რაც არ უნდა მოხდეს ამიერიდან, თემურ ქეცბაია ჩვენი გუნდის ისტორიის ნაწილია. ჩვენ აღარ ვჩერდებით იმაზე, თუ რა გააკეთა მან წარსულში. წელს შესაძლებელია თასის მოპოვება და იმ სხვაობის აღმოფხვრა, რომელიც ჩემპიონატის ბოლომდე ლიდერებთან უნდა დავფაროთ“.