ქეცბაიას კლუბის ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერა აქვს და მეორე წრისთვის გუნდის გაძლიერება სურს #1TVSPORT
ქეცბაიას კლუბის ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერა აქვს და მეორე წრისთვის გუნდის გაძლიერება სურს #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ანორთოსისმა“ გასვლაზე „ოლიმპიაკოსთან“ 2:3 წააგო და ფამაგუსტელთა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ გუნდს ოთხი მოთამაშე დატოვებდა, რომელთაგან ორი უკვე დაასახელეს – ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელები – კაილი ლაფერტი და ნიკა კაჭარავა.

კვიპროსული რადიო „სპორტ ფმ“-ის ცნობით, ქართველი მწვრთნელის გადაწყვეტილებას კლუბის ადმინისტრაცია მხარს უჭერს, რადგან მიზანი გუნდში უფრო შედეგიანი თავდამსხმელების მოყვანაა:

„ფამაგუსტას გუნდის ადმინისტრაცია მხარს უჭერს თემურ ქეცბაიას ამ გადაწყვეტილებას და ქართველი მწვრთნელის არგუმენტების საწინააღმდეგო მოსაზრებებს არავითარ შემთხვევაში არ მოისმენს. გაშვების სეზონი უკვე დაიწყო – კაჭარავა და ლაფერტი უკვე გაუშვეს. ისინი უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს მათ მიერ გაფორმებული კონტრაქტების შეწყვეტის პირობებზე. როგორც არ უნდა წრიმართოს მოლაპარაკებები, ეს ორი ფეხბურთელი გუნდისთვის უკვე წარსულია“, – ამტკიცებს კვიპროსული რადიო.

„სპორტ ფმ“-ის ცნობით, ორივე მოთამაშე სრულ კომპენსაციას ითხოვს: 

„მათ კონტრაქტის გასაწყვეტად ხელშეკრულების ბოლომდე ასაღები თანხის მიღება სურთ და ნაკლებ ფასად წასვლას არ აპირებენ. მომდევნო ორი გასაშვები მოთამაშე ბუსულაზიჩი და ნინუა იქნებიან“.

კვიპროსული რადიოს ცნობით, გუნდში თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილება უსიტყვოდ მიიღეს: 

„თემური გასახდელში აბსოლუტური მბრძანებელია და გუნდის საკადრო საკითხებს მხოლოდ ის წყვეტს. ახლა ის ცდილობს სწორი გამოსავლის პოვნას, რათა პრობლემური პოზიციებზე სასურველი მოთამაშეები დაიმატოს და გუნდი გააძლიეროს. იანვრის ტრანსფერები ხარისხიანი მოთამაშეების შერჩევისთვის სასურველი დრო არაა, თუ კლუბს დიდი ბიუჯეტი არ აქვს“.