ქეცბაიას ბრძოლამ შედეგი გამოიღო - უეფა კვიპროსელებს ჩემპიონატის შეწყვეტას არ ურჩევს
ქეცბაიას ბრძოლამ შედეგი გამოიღო - უეფა კვიპროსელებს ჩემპიონატის შეწყვეტას არ ურჩევს

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ბრძოლამ შედეგი გამოიღო და კვიპროსში ჩემპიონატის შეწყვეტა ვერ გარისკეს – ეს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებიდან გახდა ცნობილი.

ფედერაციის დირექტორთა საბჭომ სხდომა გამართა, რომლის დასრულების შემდეგ ორგანიზაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

„ფედერაციის დირექტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ კვიპროსის 2019-2020 ჩემპიონატის განახლების ან შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აღმასკომის დელეგაცია შეხვდება კვიპროსის პრეზიდენტს და კომპეტენტურ მინისტრებს, რათა ფეხბურთში მონაწილე ყველა ადამიანის ჯანმრთელობა დაცული იყოს. ამის შემდეგ, დირექტორთა საბჭო პარასკევს, 15 მაისს შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

გამოცემა shootandgoal წერს, რომ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ აქტიურობამ (რომელიც თემურ ქეცბაიას მკვეთრი განცხადებების შემდეგ დაიწყეს) შედეგი გამოიღო.

„ამ გადაწყვეტილებამდე, უეფა-ს „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობამ კვიპროსში არსებული ვითარება გააცნო. როგორც ჩანს, ამ გზავნილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმ მოვლენებში, რაც დღეს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მოხდა. ამ წერილმა ასევე გამოიწვია უეფა-ს დღევანდელი რეაქცია, რომლის წარმომადგენელიც დაუკავშირდა კვიპროსის ფედერაციას და მკაცრი პოზიცია დაუფიქსირა, რომ ჩემპიონატი შეწყვეტას არ მიესალმებოდნენ“, – ამტკიცებს გამოცემა.