ქეცბაიას „ანორთოსისი“ ლიდერ აეკ-ს გასვლაზე დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ სუპერლიგის ლიდერს, ლარნაკას აეკ-ს ესტუმრა, წაუგებელი თამაშების სერია გააგრძელა და ცოტა იღბალი რომ ჰქონოდა, 3 ქულასაც მოიპოვებდა.

ქართველმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა გიორგი ლორია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და რამდენიმეჯერ გუნდი გადაარჩინა. ასე მოხდა მე-20 წუთზე, როდესაც ახლოდან დარტყმული ბურთი მოიგერია.

ანგარიში 52-ე წუთზე აეკ-ის ჩრდილომაკედონიელმა ლეგიონერმა, ივან ტრიჩკოვსკიმ გახსნა, მაგრამ ლორიას ბრალი არ იყო – ამ ეპიზოდში ფამაგუსტელთა დაცვა აშკარად ჩავარდა. წონასწორობა უნგრელმა თავდამსხმელმა, სომა ნოვოტნიმ 70-ე წუთზე აღადგინა. 81-ე წუთზე ნიკოს კალცასს „ანორთოსისის“ დაწინაურებაც შეეძლო, როდესაც კარის წინ მარტო დარჩა, მაგრამ ააცილა და საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა.

18 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 26 ქულა დააგროვა და კვიპროსის სუპერლიგაში მე-5 ადგილზეა, მაგრამ თემურ ქეცბაიას გუნდს მარაგში ორი გამოტოვებული თამაში აქვს და კიდევ უფრო დაწინაურების რესურსიც გააჩნია.

ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ფამაგუსტას გუნდი დეკემბრის შემდეგ წაუგებელია – გუნდმა 7 მატჩი ჩაატარა, 5 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.