ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსოს თასის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსოს თასის ნახევარფინალშია #1TVSPORT

კვიპროსის თასის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ „კარმიოტისა“ ანგარიშით 5:1 დაამარცხა და თასის ნახევარფინალში გავიდა.

პირველი მატჩი ფამაგუსტელებმა გასვლაზე გამართეს და ანგარიშით 2:1 მოიგეს. ამგვარად, ორი მატჩის ჯამში ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ ჯამში 7:2 მოიგო (5:1, 2:1) და ნახევარფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი იყო, რომელშიც „ანორთოსისში“ არც ერთ ქართველს არ უთამაშია. ისინი თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მატჩისთვის დაასვენა, სადაც გუნდის მიზანი მხოლოდ ჩემპიონობისთვის ბრძოლაა. 29-ე ტურში „ანორთოსისი“ 14 მარტს ნიქოზიაში „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრება.

თასისთვის ბრძოლას ასევე აგრძელებს „აპოელი“, რომელმაც „ომონია“ დაამარცხა (1:1, 1:0). ორი ნახევარფინალისტიც 17 მარტს გაირკვევა – ახნას „ეთნიკოსი“ ნიკოზიას „ოლიმპიაკოსის“ (პირველი მატჩი 1:1 დასრულდა) შეხვდება, ხოლო „ნეა სალამინა“ -აელ-ს (პირველი აელ-მა 0:2 მოიგო).

კვიპროსის ჩემპიონატში გამართული 28 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ 53 ქულით მეოთხე ადგილზეა და შვიდი ქულით ჩამორჩება ლიდერ ნიქოზიას „ომონიას“ (60), ასევე უსწრებენ აელ-ი (59), და ლიმასოლის „აპოლონი“ (56). რეალურად, ქეცბაიას გუნდს ჩემპიონობის მოპოვების მცირე შანსი შერჩა და ამიტომ თასის მოპოვება მისთვის შანსია, სეზონი ტიტულის გარეშე რომ არ დაასრულოს.