ქეცბაიამ ქართველების „აპოელი“ დაამარცხა და მეორე ადგილზე გადავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის სუპერლიგაში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – მე-16 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ ნიქოზიაში „აპოელს“ ესტუმრა, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და პრინციპული მეტოქე დაამარცხა.

მასპინძელთა შორის ითამაშა სამივე ქართველმა, რომლებიც გასულ სეზონში „ანორთოსისში“ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით თამაშობდნენ. 90 წუთი სრულად მხოლოდ გიორგი ქვილითაიამ ჩაატარა, მურთაზ დაუშვილი შესვენების შემდეგ დაასვენეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი 67-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე და სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს დაშავდა.

„ანორთოსისში“ გიორგი ლორია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების მეკარის ანგარიშზე 9 მოგერიებაა, ორჯერ კი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. 76-ე წუთზე მასპინძლებს ფაკუნდო ზაბალა გაუგდეს და ყველაფერი ცხადი გახდა – ქეცბაიას გუნდი ამ დროისთვის ქრისტოდულოპულოსის (27) და ქრისოსტომოს (72) გოლებით 2:0 იგებდა. შეხვედრა ასეც დასრულდა.

21 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 37 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე გადაინაცვლა და „აპოელი“ (36) მესამე ადგილზე დააქვეითა.