ქეცბაიამ „ანორთოსისის“ წაგების შემდეგ მორიგი ფრთიანი ფრაზა თქვა - დღეს „ანორთოსისი“ მოედანზე არ ყოფილა #1TVSPORT
ქეცბაიამ „ანორთოსისის“ წაგების შემდეგ მორიგი ფრთიანი ფრაზა თქვა - დღეს „ანორთოსისი“ მოედანზე არ ყოფილა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მე-4 ტურში „არისთან“ „ანორთოსისის“ მარცხის (2:3) შემდეგ მორიგი ფრთიანი ფრაზა თქვა – ქართველი მწვრთნელის თქმით, მისი გუნდი მოედანზე არ ყოფილა და ამით ხაზი გუნდის გულგრილ დამოკიდებულებას გაუსვა.

„ძნელია მატჩის დასაწყისში სამი ბურთი გაუშვა და ეს შეხვედრა მერე შემოაბრუნო. ჩვენ რამდენიმეჯერ ვთქვით, რომ წლევანდელ ჩემპიონატში ადვილი მატჩები არ არის, მაგრამ 10 წუთში სამი გოლი ისე გავუშვით, თითქოს მოედანზე არ ვიყავით“, – განაცხადა ქეცბაიამ.

ქართველი მწვრთნელის აზრით, მატჩის გადარჩენა რეალური იყო: 

„ჩვენ მაშინ შევეცადეთ თამაშის შემოტრიალებას, როდესაც გვიანი იყო. თანაც მესამე გოლის გატანის შანსი ხელიდან გავუშვით და არაფერი გამოგვივიდა. ჩემპიონატი რთული იქნება. ამიტომ, თუ 3 ქულის ასაღებად ყველაფერს არ დავდებთ, თამაშის მოგება გართულდება“.

ქეცბაიამ მარცხით აღშფოთება არ დამალა: 

„გაბრაზებული ვარ, რადგან წავაგეთ. არ აქვს მნიშვნელობა კარგად რამდენი წუთი ვითამაშეთ. გუნდი, რომელსაც ჩემპიონობა სურს, დაცვაში ასე არ უნდა თამაშობდეს. ზოგი ფიქრობდა, რომ წელს კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრით ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ „ანორთოსისი“ უპირველესი მიზანი კვიპროსის ჩემპიონობაა. იმის ნაცვლად, რომ ფსიქოლოგიურად ამისთვის ვიყოთ მზად და მთავარი მიზნისკენ წავიდეთ, ჩვენ საწყის ტურებში ორი მატჩი წავაგეთ. კარგი გუნდი გვყავს, რაც უკვე ვაჩვენეთ. ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ და ველოდით, რომ გვექნებოდა პრობლემა, მაგრამ ასეთ ვითარებაში საქმისადმი დამოკიდებულების გამო თუ აღმოვჩნდებოდით, ვერაფრით წარმოვიდგენდი“.

„ანორთოსისს“ კვიპროსის ჩემპიონატში ოთხი თამაშის შემდეგ 3 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას „ანორთოსისი“ 30 სექტემბერს გიორგი ჩაკვეტაძის „გენტთან“ ჩაატარებს და ბელგიელებს „გელამჰო არენაზე“ ესტუმრება.