ქეცბაია გუნდზე გაბრაზებულია - „ანორთოსისმა“ იმედი ისევ ვერ გაამართლა #1TVSPORT 
ქეცბაია გუნდზე გაბრაზებულია - „ანორთოსისმა“ იმედი ისევ ვერ გაამართლა #1TVSPORT 

თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისის“ პაეეკ-თან მარცხზე (2:3) კომენტარი გააკეთა და გაბრაზება ვერ დამალა, მისმა გუნდმა აუტსაიდერს რომ ვერ მოუგო.

„სამწუხაროდ, პრობლემა სეზონის დასაწყისიდან მოგვყვება. ვიტანთ და ვერ ვიგებთ. ორი გოლი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ვერ შევინარჩუნეთ ის ტემპი, რომლითაც ანგარიში გავათანაბრეთ და მესამე გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ საბოლოოდ ფრეს შევეგუეთ და გოლი საკუთარ კარში გავუშვით“, – განაცხადა ქეცბაია.

„ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა იმედი გამოთქვა, რომ გუნდი გულშემატკივრებს ევროტურნირებზე მაინც გაახარებს.

„ინდივიდუალურ შეცდომებს და ძალიან მარტივი გოლებს ვუშვებთ, ვიბრძვით გოლების გასატანად და ძალიან იოლად ვატარებთ ჩვენს კართან მეტოქეს. მესმის ზოგადი იმედგაცრუება, ამას გუნდში უფრო ვგრძნობთ. ჩვენ ისევ ყველას იმედი გავუცრუეთ, მაგრამ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა. ახლა კონფერენს ლიგაზე „პარტიზანთან“ მნიშვნელოვანი თამაში გველის. ბოლო მატჩში შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედები კიდევ გვაქვს. ევროპაში ბევრად უფრო ორგანიზებულად ვთამაშობთ. ჩვენ ვაპირებთ ჯგუფიდან გასვლას. ეს არ იქნება ადვილი. საერთოდ, თანამედროვე ფეხბურთში იოლი თამაში არ არის, როგორც ეს პაეეკ-თან ჩანდა. თუ მაქსიმუმს არ გააკეთებ, ვერაფერს მიიღებ. ჩვენ ველით, რომ ხალხი მხარს დაგვიჭერს და საბოლოოდ დაინახავს, რა გავაკეთეთ“.

მისი თქმით, გუნდს ბევრი გააქვს, მაგრამ ბევრსაც უშვებს,

„გატანილი გოლებით ლიდერთა სამეულში ვართ, გაშვებული გოლებით კი – ბოლოზე. არ გაგვიმართლა. კიდევ შეგვეძლო გაგვეტანა და ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ახლა რა უნდა ვთქვათ, წავაგეთ. არ მინდა ვთქვა, რომ ლიგაში მოთამაშეები გულგრილები არიან, უბრალოდ, ეგონათ, რომ ადვილი თამაში იქნებოდა და დაისაჯნენ. მე არ ვიცი, თამაშის დასაწყებად ორი გოლის გაშვებას ელოდნენ? უკვე გვიანი იყო. ვნახოთ რამდენი სვლა გვაქვს იანვარში“.

11 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ 13 ქულით მე-7 ადგილზეა. რეგულარული სეზონის ამ პოზიციაზე დასრულებით გუნდი ფინალურ ექვსეულში ვერ მოხვდება და ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებს. თუმცა ქართველი მწვრთნელის გუნდს საჩემპიონო ექვსეულში მოხვედრის შანსი არ დაუკარგავს.