ქეცბაია ფრანკფურტში სანიოლს შეხვდა #1TVSPORT
ქეცბაია ფრანკფურტში სანიოლს შეხვდა #1TVSPORT

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ ერთმანეთს საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მწვრთნელები შეხვდნენ და სურათიც გადაიღეს – თემურ ქეცბაიასა და ვილი სანიოლის შეხვედრის ფოტოს ეროვნული გუნდის პრეს-სპიკერი ოთარ გიორგაძე აქვეყნებს.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ფრანკფურტში გაიმართა. წილისყრამ 53 ევროპული ნაკრები ათ ჯგუფში გადაანაწილა. საქართველოს ეროვნული ნაკრები A ჯგუფში კვიპროსის ნაკრებთან მოხვდა, რომელსაც თემურ ქეცბაია ავარჯიშებს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, A ჯგუფი

ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი

„ჩვენი ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. წილისყრით საქართველო ჯგუფში კვიპროსთან ერთად მოხვდა და ამგვარად, ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს შეხვდება. უდავოა, რომ თბილისსა და ლარნაკაში გამართულ ორ მატჩში ცენტრალური ფიგურა ქართველი მწვრთნელი იქნება“, – წერს გამოცემა philenews-ი.

თემურ ქეცბაია ხუთი წლის განმავლობაში (2009-2014) იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი.