ქეცბაია „ანორთოსისს“ ვერ შეუთანხმდა - ქართველი მწვრთნელი გუნდს ტოვებს #1TVSPORT
ქეცბაია „ანორთოსისს“ ვერ შეუთანხმდა - ქართველი მწვრთნელი გუნდს ტოვებს #1TVSPORT

თემურ ქეცბაია ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობას შეხვდა, მაგრამ მტკივნეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა და მხარეების გზები გაიყარა – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემები ავრცელებენ.

„ფამაგუსტას „ანორთოსისისა“ და ქეცბაიას გზები სამუდამოდ გაიყო. „ანორთოსისის“ ადმინისტრაციაში თემურ ქეცბაია იმყოფებოდა იურიდიულ მრჩეველ მარიო ორფანიდისთან ერთად. მაგრამ ამ შეხვედრამ შედეგი ვერ მოიტანა. ეს ლოგიკური იყო, რადგან არც ერთი მხარე უკანდახევას არ აპირებდა“, – წერს „სპორტ ტაიმი“.

გამოცემის ცნობით, შესაძლოა, საქმე სასამართლომდეც მივიდეს:

„კლუბი ქართველ მწვრთნელს კონტრაქტის გაწყვეტის წინადადებას წარუდგენს და თუ ქეცბაია არ დათანხმდება, უთანხმოებას მხარეები სასამართლოში გადაწყვეტენ, ხოლო სპორტული დირექტორი – ნეოფიტოს ლარკოვი მწვრთნელობის კანდიდატებთან მოლაპარაკებას დაიწყებს“.

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისის“ ადმინისტრაციამ თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო სტაფის 7-იდან 3 წევრის შეცვლა შესთავაზა. ეს ქართველმა მწვრთნელმა საკუთარ საქმეებში ჩარევის მცდელობად ჩათვალა და შეთავაზებაზე უარი განაცხადა.