ქეცბაია „ანორთოსისის“ წაგებით იმედგაცრუებულია - „რაპიდს“ ბურთი დავუთმეთ და მათ თამაშს ვუყურებდით #1TVSPORT
ქეცბაია „ანორთოსისის“ წაგებით იმედგაცრუებულია - „რაპიდს“ ბურთი დავუთმეთ და მათ თამაშს ვუყურებდით #1TVSPORT

თემურ ქეცბაია იმედგაცრუებული დარჩა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრით – მისმა გაწვრთნილმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ვენაში „რაპიდთან“ ვერაფერი გააწყო და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ 62-ე წუთზე გიორგი ლორიამ (59-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა) პენალტი მოიგერია, ავსტრიელები უპირატესობას ფლობდნენ და 3:0 გაიმარჯვეს.

„ჩვენ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მზად არ აღმოვჩნდით და იმედგაცრუებულები ვართ. ფეხბურთელებისგან მე უფრო მეტს ველოდი. მაგრამ ზოგიერთი ფაქტორი სრული მზადყოფნის საშუალებას არ გვაძლევდა“, – განაცხადა ვენაში გამართული მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ.

კითხვაზე, განსხვავებული იყო თუ არა „რაპიდი“ წინა თამაშების შემდეგ, ქართველმა მწვრთნელმა უპასუხა.

„დიახ, „რაპიდი“ სხვა იყო, რადგან ჩვენ მათ ბურთი დავუთმეთ და მივეცით საშუალება ეკეთებინათ ის, რაც სურთ, ჩვენ კი მათ ვუყურებდით”.

მან განმეორებითი თამაშების შესახებ ისაუბრა.

„წინ მეორე თამაშია და შევეცდებით გავიმარჯვოთ. მაგრამ ერთ კვირაში ბევრი რამის შეცვლა არ შეგვიძლია. ამ ტემპით მზადებაც ადვილი არ არის. ან რა შემიძლია შევცვალო? ავსტრიელებმა ამ მატჩამდე 7 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს, ჩვენ კი ამ თვენახევარში კორონავირუსის გამო მხოლოდ მეორედ ვითამაშეთ“.