ქეცბაია აეკ-თან წაგების შემდეგ - დღეს ჩემი გუნდი მოედანზე არ ყოფილა #1TVSPORT
ქეცბაია აეკ-თან წაგების შემდეგ - დღეს ჩემი გუნდი მოედანზე არ ყოფილა #1TVSPORT

აეკ-თან მარცხით ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იმედგაცრუებული დარჩა. თუმცა, თქვა, რომ მისი გუნდი მხოლოდ კვიპროსის თასის ფინალზე ფიქრობდა. მან შარშანდელ საფეხბურთო დანაშაულებებზეც ისაუბრა და ამავე დროს განაცხადა, რომ გუნდის ბოლო ორი წლის პროგრესით ამაყობს.

„როგორც ჩანს, მორალურად და ფიზიკურად ჩვენ დღევანდელ თამაშზე არ ვიყავით. ერთ კვირაში თასის ფინალია. თუმცა, ეს არ არის საბაბი. რა თქმა უნდა, თამაშის შედეგი სატურნირო ცხრილზე გავლენას ვერ მოახდენდა, მაგრამ სულაც არაა კარგი, რომ სხვა თამაშებს ვივიწყებთ“, – განაცხადა ქეცბაიამ.

მან თავისი ორწლიანი მუშაობა შეაფასა და გასული სეზონი გაიხსენა, რომელსაც „ანორთოსისი“ და „აპოელი“ თანაბარი ქულებით ლიდერობდნენ, ჩემპიონატი კორონავირუსის გამო შეაჩერეს, ჩემპიონად კი ქეცბაიას კონკურენტი გუნდი გამოაცხადეს.

„მთელი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ვარდნაც და აღმავლობაც, რადგან არ გვყავდა საკმარისი რაოდენობის მოთამაშეები, ისევე როგორც დღეს, რომლებსაც თამაშის დროს ვითარების შეცვლა შეუძლიათ. ეს ძალიან წარმატებული პერიოდი იყო. არავინ ელოდა იმ საფეხბურთო დანაშაულს, რაც გასულ წელს მოხდა. მაშინ ჩვენ ბევრი ავადმყოფი არ გვყავდა და ფეხბურთს მაინც ვერ ვთამაშობდით, ახლა კი 450-500 ავადმყოფი გვყავს, ხალხი კვდება და ჩვენ მოედანზე მაინც გავდივართ. თავად გუნდში მუშაობის ორ წელიწადს ასევე შევაფასებდი – მე ვამაყობ ამ ორი წლით. ვინც სხვაგვარად იტყვის, ის ფეხბურთსა და ჩვენს გუნდში ვერ ერკვევა. ყველას აქვს უფლება თქვას, რაც სურს, ყველას ჰგონია, რომ მწვრთნელზე მეტი ესმის. მაგრამ მთავარი მიღწევებია. ჩვენ თასის ფინალში ვართ და 90 ან 120 წუთი გვაშორებს იმ ტიტულის მოსაპოვებლად, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ველოდით“.