ქაზემ ღარიბაბადი – „დარხოვინის“ ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა ირანის მშვიდობიან ინფრასტრუქტურაზე საშიშ თავდასხმას წარმოადგენს და ირანი შესაბამის ზომებს მიმართავს
„დარხოვინის“ ბირთვული ობიექტის დაბომბვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქაზემ ღარიბაბადი აცხადებს, რომ ირანი „შესაბამის ზომებს“ მიმართავს.
ღარიბაბადიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის დარტყმა „დარხოვინის“ ატომურ ელექტროსადგურზე ირანის მშვიდობიანი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართულ საშიშ თავდასხმას წარმოადგენს და ამის შედეგებზე პასუხისმგებლობა სრულად შეერთებულ შტატებს ეკისრება.
მისივე თქმით, ირანი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად შესაბამის ზომებს მიმართავს.
ცნობისთვის, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის განცხადებით, აშშ-ის იერიშების სამიზნე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე, ჯერ კიდევ მშენებარე „დარხოვინის“ ატომური ელექტროსადგური გახდა. გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ელექტროსადგური მშენებლობის ადრეულ ეტაპზეა, ამიტომ თავდასხმას რადიაციული საფრთხის შექმნა ნაკლებად შეუძლია.