ქართველმა მენეჯერმა რუსეთში გუნდი ჩამოაყალიბა - მისი მიზანი მაღალ ლიგაში დაწინაურებაა #1TVSPORT
ქართველმა მენეჯერმა რუსეთში გუნდი ჩამოაყალიბა - მისი მიზანი მაღალ ლიგაში დაწინაურებაა #1TVSPORT

რუსეთში ჩამოყალიბდა გუნდი „ავრორა“, რომელიც ქართველმა სანდრო ჭელიძემ დააფუძნა – ამის შესახებ 29 წლის მენეჯერმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

„ეს გუნდი ჯერ რუსეთის მესამე ლიგაში (რეგიონული ლიგა) გამოდის და მოსკოვის და მისი ოლქის ლიგაში თამაშობს. მიზანი უფრო მაღალ ეშელონში დაწინაურება და ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების ხელშეწყობაა. გუნდში ოთხი ქართველი გვყავს – დავით ჯიჭონაია, ჯემალ ჭოლაძე, მარსელო საჯაია (საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის, ედიკ საჯაიას შვილი) და გიგა მამულაშვილი. გუნდის მთავარი მწვრთნელი კი ძალიან ცნობილი სპეციალისტი რინატ ბელიალეტდინოვია, რომელსაც „ლოკომოტივსა“ და „რუბინში“ უმუშავია. ის ქართველების დიდი გულშემატკივარია – მის ხელში გაიზარდა საბა კვირკველია“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან სანდრო ჭელიძე.

ახალგაზრდა მენეჯერს კარგი საფეხბურთო განათლება აქვს – 2018 წელს კოვერჩიანოში (მილანი) სპორტული მენეჯერების კურსი დაამთავრა, რაც პროფესიულ დონეზე მუშაობის საშუალებას აძლევს:

„ეს არის სამთვიანი კურსი. ჩვენს სფეროში დაკავებულმა ყველა ადამიანმა იცის, რომ ეს ძალიან მაღალი დონის სასწავლებელია, სადაც ძლიერი სპეციალისტები მუშაობენ. სწავლის დროს ბევრი ცნობილი და გავლენიანი ადამიანი გავიცანი, რომლებთანაც ურთიერთობა დღემდე გამაჩნია“.

ძაკარდო, ბებეტო და ლეონარდო

სანდრო ჭელიძე სწავლობვდა ლეონარდოსთან და ძაკარდოსთან

„ჩემთან ერთად მსოფლიოს ორი ჩემპიონი სწავლობდა – 1994 წლის მუნდიალის გამარჯვებული ლეონარდო, რომელიც ამჟამად „პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორია, მანამდე კი „მილანის“ ტექნიკური დირექტორი იყო. ასევე სწავლობდა იტალიელი კრისტიან ძაკარდო – იტალიელი მცველი, რომელიც 2006 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მე და ჩემს მეგობრებს, ლევან სეთურიძეს და პეტრე სარდანაძეს სწორედ მასთან გვაქვს ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ძაკარდოს დახმარებით ქართული ფეხბურთისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“.