ქართველმა მენეჯერმა პარკაძის ტრანსფერზე ისაუბრა - „ბაიერნში“ 17 წლის არაევროკავშირელს გრძელვადიანი კონტრაქტი პირველად გაუფორმეს #1TVSPORT
ქართველმა მენეჯერმა პარკაძის ტრანსფერზე ისაუბრა - „ბაიერნში“ 17 წლის არაევროკავშირელს გრძელვადიანი კონტრაქტი პირველად გაუფორმეს #1TVSPORT

ბოლო კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ლუკა პარკაძის მიუნხენის „ბაიერნში“ ტრანსფერი იყო. მოლაპარაკების ინიციატორი, საფეხბურთო სააგენტო FA Players Agents-ის თანადამფუძნებელი გუგა კაჭახიძე ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხს „ბაიერნთან“ მოლაპარაკების დეტალებზე ესაუბრა.

კაჭახიძემ FA Players Agents 2008 წელს ბესო აბაშიძესთან ერთად დააფუძნა, რომელსაც მალხაზ მუსერიძე და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ფოფხაძე წარმოადგენენ. აღნიშნულმა გუნდმა ამ წლების მანძილზე არაერთი ტრანსფერი განახორციელა. სააგენტოსთან თანამშრომლობენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ლუკა ლოჩოშვილი, გურამ გიორბელიძე, ლუკა ზარანდია, გიორგი ხარაიშვილი, დავით სხირტლაძე, მათე ვაწაძე, ბექა დარცმელია, დავით კობოური

„გერმანელებმა ლუკა პარკაძე შოტლანდიაში გამართულ ელიტ-რაუნდზე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ნახეს და თავიდანვე მოეწონათ. დაიწყეს დაკვირვება. მიუნხენელებსა და ჩვენს სააგენტოს შორის შედგა კონტაქტი, გაიმართა მოლაპარაკება და მაისში მიუნხენში მიგვიწვიეს. ლუკამ გაიარა სრული სამედიცინო შემოწმება. პარალელულად კი, „დინამო თბილისთან“ მიმდინარე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მიუნხენის „ბაიერნმა“ პირველად გადაწყვიტა, 17 წლის არაევროკავშირელ ფეხბურთელთან გრძელვადიანი პროფესიული კონტრაქტის გაფორმება“, – ამბობს გუგა კაჭახიძე.

მან ასევე ისაუბრა, როდის დაიწყებს 17 წლის პარკაძე გერმანულ გრანდში ვარჯიშს:

„ლუკას მომავალ ზაფხულს 18 წელი შეუსრულდება და „ბაიერნს“ ახალი საფეხბურთო სეზონის დასაწყისში შეუერთდება. ის უდაოდ ნიჭიერია ფეხბურთელია და უნიკალური შესაძლებლობა მიეცა. ამასთანავე მას უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქართველი გულშემატკივრების წინაშე. ფაქტია, რომ „ბაიერნი“ მის შესაძლებლობაში დარწმუნდა, კონტრაქტის წინასწარი გაფორმებაც ამან განაპირობა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. იმედი მაქვს. ლუკა ყველა მოლოდინს გაამართლებს და წარმატებებს ვუსურვებ. მანამდე ლუკა პარკაძეზე ორივე გუნდი ერთობლივად იზრუნებს. მადლობა რომან ფიფიას და თბილისის „დინამოს“ აკადემიას, მის მწვრთნელებს – მათ ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებს და ქართულ ფეხბურთს ბევრი წარმატებული და კარგი მოთამაშე აღუზრდეს“.