ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა ერევნის გრან-პრიზე გამოსვლა დაასრულეს
ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა ერევნის გრან-პრიზე გამოსვლა დაასრულეს

ერევანში გამართულ გრან-პრის სერიის მეშვიდე ეტაპზე, გარდა მოცეკვავე წყვილის – მარია კაზაკოვა და გიორგი რევიასი, რომლებმაც ორი ეტაპის ჯამური შედეგით გრან-პრის ფინალის საგზური მოიპოვეს, ერთეულ თანრიგში ირაკლი მაისურაძე ( ვაჟები) და ალინა ურუშაძე ( გოგონები) ასპარეზობდნენ.

გრან-პრიზე სულ 30 ქვეყნის 75 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ირაკლი მაისურაძე საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიდა და მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 180,69 ქულით 20 მონაწილე ბიჭს შორის მერვე ადგილი დაიმსახურა.
დებიუტანტი ალინა ურუშაძესათვის ეს პირველი სერიოზული საერთაშორისო ტურნირი იყო გრან -პრის ეტაპებზე და სტარტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მსაჯებმა და სპეციალისტებმა დებიუტანტი სპორტსმენის პერსპექტიული გამოსვლა აღნიშნეს. 27 გოგონას შორის, ჯამური 165,37 ქულით, ალინა მეექვსე ადგილზე გავიდა. ახალგაზრდა სპორტსმენმა დამაჯერებელი გამოსვლა აჩვენა როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამებში, სადაც მან ტექნიკურად საკმაოდ რთული ელემენტები შეასრულა.

გრან-პრის მეექვსე ეტაპზე, რომელიც სლოვენიაში გაიმართა, გოგონებს შორის ერთეულთა კატეგორიაში მონაწილეობდა კიდევ ერთი ქართველი მოციგურავე ანადეა გულბიანი – შმიდტი, რომელიც საერთო ჯამური 96 ქულით, 36 მონაწილეს შორის 25 – ე ადგილზე გავიდა.

ამით იუნიორთა შორის, გრან -პრის სერიების გამოსვლები  დასრულდა.  სენიორებს შორის გრან -პრის გათამაშება კი სტარტს „სკეიტ- ამერიკის“ ეტაპზე აიღებს, რომელიც 19-21 ოქტომბრის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ევერეტში გაიმართება, სადაც ვაჟების კატეგორიაში ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იასპარეზებს. ტურნირზე ასევე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძეა მიწვეულია.

 

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია