ქართველი თავდამსხმელის შედევრი - კუტალიამ წელი სუპერგოლით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

ლევან კუტალიამ ისრაელის ლიგა ლეუმითში მორიგი შეხვედრა ჩაატარა და სეზონის და კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული გოლის ავტორი გახდა.

ქართველი თავდამსხმელის გუნდი „სეკცია ნეს ციონა“ გასვლაზე რამატ ჰაშარონის „ჰაპოელს“ მე-19 ტურის მატჩში ესტუმრა. თავიდან მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ. 54-ე წუთზე კი კუტალაიმ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარში „მაკრატელათი“ გადაგზავნა და ულამაზესი გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

თამაში წარმოუდგენელი სცენარით განვითარდა. კუტალაის გუნდმა წონასწორობა 68-ე წუთზე აღადგინა, მაგრამ 14 წუთში რამატ ჰაშარონისჰაპოელი“ ისევ ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, ქართველის გუნდმა სასწაული შეძლო და 90+4-ე წუთზე ანგარიში მეორედ გაათანაბრა და შეხვედრა არასაფეხბურთო ანგარიშით, 4:4 დასრულდა.

ლევან კუტალიამ მიმდინარე სეზონში „სეკცია ნეს ციონას“ ფორმით 19 შეხვედრა ჩაატარა და მეოთხე გოლი გაიტანა. მისი გუნდი 19 ტურის შემდეგ 31 ქულით ლიგაში მეორე ადგილზეა და ისრაელის მთავარ ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის.