ქართველი სპორტსმენები ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გააცილეს #1TVSPORT
ქართველი სპორტსმენები ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გააცილეს #1TVSPORT

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი ბანსკა-ბისტრიცა 24-30 ივლისს უმასპინძლებს, სადაც სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებს 48 ქვეყნის 3000- ზე მეტი სპორტსმენი, მათ შორის საქართველოდან სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 28 სპორტსმენი.

ოლიმპიურ დელეგაციას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა – შოთა ხაბარელმა და დავით გობეჯიშვილმა.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია წარადგინა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის სახელით ოლიმპიური ფიცი დადო ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ. გუნდის სახელით მისასალმებელი სიტყვით წარდგა ჩოგბურთელი ნიკოლოზ გურგენიძე.

ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშეები იქნებიან ძიუდოში ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის ალექსანდრე ლოლაძე და მოცურავე ლიზი გრიგალაშვილი.

სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.