ქართველი ქომაგები სლოვაკეთში ახალგაზრდულ ნაკრებს გაამხნევებენ - გვინდოდა, რომ გუნდის გვერდით ვყოფილიყავით #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველ მატჩს 11 ივნისს სლოვაკეთის ქალაქ ჟილინაში პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.
ქომაგების ჯგუფი ახალგაზრდულ ნაკრების ჟილინაში ტრიბუნებიდანაც გაამხნევებს. ერთ-ერთმა მათგანმა, „ქართული სპორტის ქომაგების“ დამფუძნებელმა, ბექა ნოზაძემ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.
„როდესაც ქომაგების ჯგუფი სტადიონზე შევდივართ, ყოველთვის ვამბობთ, რომ ტრიბუნაზე ჩვენი ბრძოლა გვაქვს მოსაგები. უცხოთში ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ. გასვლით თამაშებზე ხშირად ბევრნი არ ვართ და საქომაგოდ გაცილებით დიდი ძალისხმევა გვჭირდება.
ასე იქნება დღესაც, ბოლომდე გვერდით დავუდგებით საქართველოს ნაკრებს, რომელიც აქ მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ არის ჩამოსული და ვფიქრობ, რომ ამ გუნდს წარმატების მიღწევა შეუძლია.

საქართველოს ნაკრების მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. შეიძლება, ბევრს 21-წლამდელთა ნაკრები ნაკლებად პრესტიჟულად მიაჩნია, მაგრამ ასე არ არის, ზუსტად აქედან იწყება თაობის ზრდა და ჩამოყალიბება. ფეხბურთელი გულშემატკივრის მიმართ პასუხისმგებლობას ეჩვევა და გულშემატკკივარიც უნდა მიეჩვიოს ყველა ასკობრივი ნაკრების ქომაგობას.
ამ გუნდთან ერთად მთელი შესარჩევი ციკლი გავიარეთ და გვინდოდა, რომ ამ ბრძოლაშიც ნაკრების გვერდით ვყოფილიყავით.
სლოვაკეთში დაახლოებით 70-მდე ქომაგმა მოახერხა ჩამოსვლა, ველოდებით, რომ ევროპის ქვეყნებიდანაც შემოგვიერთდებიან ქართველი გულშემატკივრები და ერთად გავამხნევებთ საქართველოს ნაკრებს“.