ქართველი პარამოფარიკავეების ორი ოქრო საამიროებიდან
ქართველი პარამოფარიკავეების ორი ოქრო საამიროებიდან

პარასპორტის განვითარების ცენტრში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე პარამოფარიკავეებს  – ირმა ხეცურიანს და ნინა თიბილაშვილს შეხვდა და საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული წარმატებები მიულოცა. სპორტსმენებთან შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაიმართა ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშება და 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობა, რომელზეც ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს – ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ირმა ხეცურიანმა ხმლით მოფარიკავეთა ტურნირის ფინალში, უკრაინელი მეტოქე, ოლენა ფედოტა 15-10 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს ირმას მე-14 ოქროს მედალია მსოფლიო თასის ტურნირებზე, რაც მართლაც გამორჩეული შედეგია.

ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე შედეგიანად იასპარეზა და ფინალში ტაილანდელი ატიტაია ჩუკერდის (15:7) დამარცხებით 23 წლამდე ეტლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საინტერესოა, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში, თიბილაშვილისთვის ეს მესამე ოქროს მედალია – მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ის უკვე მესამე წელია არავის უთმობს.

ქართულ პარასპორტს წარმატებების მთელი სერია აქვს – ძიუდო, წოლჭიმი, მჯდომარე ფრენბურთი და, რა თქმა უნდა, პარაფარიკაობა, სპორტის ამ სახეობებში ჩვენი სპორტსმენები განსაკუთრებული წარმატებებით ასპარეზობენ.