ქართველი მწვრთნელის გუნდი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ქართველი მწვრთნელის გუნდი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

დუბაის გუნდი „შაბაბ ალ აჰლი“ არაბეთის გაერთიანებული საემიროების 21-წლამდელების ჩემპიონატის, „გალფ ლიგის“ გამარჯვებული გახდა. გუნდმა ეს წარმატება სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.

მთავარი ამ ამბავში ის არის, რომ ჩემპიონობა გუნდთან ერთად ქართველმა მწვრთნელმა იზეიმა – „შაბაბ ალ აჰლის‘“ მეკარეთა მწვრთნელი კოტე გუგუნავა გახლავთ.

კოტე გუგუნავა საქართველოში საკმაოდ ცნობილი მეკარე გახლდათ, კარიერის შემდეგ კი მეკარეთა მწვრთნელი გახდა და „ლოკომოტივის“ აკადემიის შემდეგ, მთავარ გუნდშიც იმუშავა.

2019 წლის აგვისტოში, „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა ჯერარდ სარაგოსა მულეტიმ გუგუნავა დუბაის კლუბ „შაბაბ ალ-აჰლიში“ მიიწვია, სადაც თავად U21 მთავარი მწვრთნელი იყო.

გუგუნავა თავიდან U19-ში მეკარეების მწვრთნელი გახლდათ, სადაც კონტრაქტი ერთი წლით აკავშირებდა, ერთი წლის შემდეგ კი თანამშრომლობის გახანგრძლივება შესთავაზეს და U21 გუნდში გადაიყვანეს.