ქართველი მსაჯები ფეხბურთში საბერძნეთის ჩემპიონატის მატჩს განსჯიან #1TVSPORT
ქართველი მსაჯები ფეხბურთში საბერძნეთის ჩემპიონატის მატჩს განსჯიან #1TVSPORT

ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის დასკვნითი ტურის შეხვედრას განსჯიან, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მატჩი 17 მაისს ათენში გაიმართება, სადაც „პანათინაიკოსი“ სალონიკის პაოკ-ს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის თხოვნის საფუძველზე მიიღეს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეხვედრაზე გოგა კიკაჩეიშვილი მიავლინა.

მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. ვიდეომსაჯი ალეკო აფციაური იქნება, ხოლო მისი ასისტენტი – ბაკურ ნინუა.

საჩემპიონო ოთხეულის ბოლო ტურის მეორე შეხვედრას, რომელშიც აეკ-ი „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს, იტალიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის ანდრეა კოლომბოს ხელმძღვანელობით.

საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩები გადამწყვეტია საპრიზო ადგილებისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურების გადანაწილების თვალსაზრისით. შესაბამისად, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ორივე შეხვედრას უცხოელი არბიტრები მოემსახურებიან.

ორივე მატჩი ათენში გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

35 წლის გოგა კიკაჩეიშვილს ფიფა-ს პირველი კატეგორიის არბიტრის წოდება 2024 წლის დეკემბერში მიენიჭა და მას შემდეგ უმაღლესი დონის არაერთი საფეხბურთო მატჩი განსაჯა.