ქართველი მოფარიკავეები საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდნენ
ქართველი მოფარიკავეები საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდნენ

ხმლით ფარიკაობაში უნგრეთსა და ბელგიაში გამართული მსოფლიო თასების შემდეგ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ხუთი ქართველი მოფარიკავიდან, რომლებმაც ბუდაპეშტში ჩატარებულ გერევიჩის, კოვაჩისა და კარპატის სახელობის მსოფლიო თასზე იასპარეზეს, ოთხმა სარეიტინგო ადგილი გაიუმჯობესა.

სანდრო ბაზაძე ორი პოზიციით დაწინაურდა და მე-17 ადგილზეა. ასევე ორი საფეხურით წაიწია წინ მიხეილ მარდალეიშვილმა. ის ამჯერად რეიტინგში 54-ეა. კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ნიკა შენგელიას, რომელმაც ცხრა ადგილით გაიუმჯობესა მდგომარეობა და ახლა 81-ეა. 160-ეა ვაჟა რეჭია. ის 22 საფეხურით დაწინაურდა. 2017-2018 წლების სეზონი რეჭიამ 241-ე პოზიციაზე დაასრულა, ამიტომ წლევანდელი მაჩვენებელი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. 52-ე ადგილი შეინარჩუნა ბექა ბაზაძემ.

მსოფლიო თასზე საუკეთესო მაჩვენებელი მიხეილ მარდალეიშვილს ჰქონდა. ის 225 მონაწილედან საუკეთესო 32-ს შორის მოხვდა. ფინალურ ეტაპზე, ანუ ტოპ 64-ში იასპარეზა ბექა ბაზაძემაც, თუმცა მომდევნო რაუნდში ვერ გავიდა. პლეიოფში მოსახვედრად თითო გამარჯვება დააკლდათ სანდრო ბაზაძეს, ნიკა შენგელიასა და ვაჟა რეჭიას.

რაც შეეხება მსოფლიო თასს გუნდურ ასპარეზობაში, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ტურნირი მეათე ადგილზე დაასრულა. ჯამში მედლების მოსაპოვებლად 29 გუნდი იბრძოდა. გუნდურ რეიტინგში საქართველო ისევ მე-11 ადგილზეა.

ბელგიაში გამართულ ქალთა მსოფლიო თასზე, ხმლით ფარიკაობაში, ტოპ 64-ში მოსახვედრად ერთი მოგება დააკლდა ევროპის ჩემპიონს თოდორა კახიანს. პლეიოფში გავიდა, თუმცა პირველსავე რაუნდში დამარცხდა ლიკა ჯიჯეიშვილი. შეჯიბრში მონაწილეობას 196 მოფარიკავე იღებდა.
კახიანი განახლებულ რეიტინგში 153-ეა, ჯიჯეიშვილი 75-ე.